ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა წლის განმავლობაში რამდენიმე ჯერ ძლიერი სეტყვის მსხვერპლი ხდება. სეტყვა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მინდვრებს და პრაქტიკულად მთელ მოსავალს აფუჭებს.
ამ მომენტში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა არ ფუნქციონირებს, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო მიწები ნადგურდება.
1961 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანში გახსნილი იყო სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც 10 წელი ფუნქციონირებდა. ამის შემდეგ ტექნიკა კახეთში გადაიტანეს და ფარავნის სადგური დაიკეტა.
მანუკ კარახანიანი, რომელიც 3 წელი მუშაობდა ფარავნის სეტყვასაწინააღმდეგო სადგურზე უფროს ტექნიკოსად, გვიყვება:
– “პუნქტზე 30 ადამიანი მუშაობდა. სეტყვის ღრუბლების სიმაღლის გასაზომად და სეტყვის ალბათობის შესამოწმებლად ვიყენებდით მანძილსაზომებს. სულ 9 ლოკაციაზე იყო. სეტყვასაწინააღმდეგო სამუშაოების მიზანი იყო სეტყვის ზომის შემცირება ან წვიმის წვეთებად გადაქცევა სპეციალური რეაგენტის შესხურებით.”
სადგურის ამოცანა იყო სეტყვის წამოსვლის ალბათობის გამოთვლა, ღრუბლების სიმაღლის გამოვლენა და სტიქიის ნეგატიური შედეგების შემსუბუქება ან აღმოფხვრა.
ამჟამად ეს ტერიტორია შემოღობილია, თუმცა მიტოვებული. ადგილზე დგას ძველი ქვემეხები და სეტყვის საწინააღმდეგო სადგურის შენობის ნანგრევები.
როგორ მუშაობს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა საქართველოში დღეს?
ინფორმაცია აღებულია სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას“ ვებ-გვერდიდან
2015 წელს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას“ მიერ საქართველოში, კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟდა. მსგავსმა სისტემამ საქართველოში 25 წლის წინ შეწყვიტა არსებობა.
სისტემის შექმნის უმთავრესი მიზანი კახეთის რეგიონში 600 000 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწების სეტყვისაგან დაცვაა. სამუშაოები დაიწყო 2013 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით. გეგმის მიხედვით სისტემა მზობრში 2015 წლის მაისში დამონტაჟდა. პირველი სროლები კი 28 მაისს გაისმა.
სეტყვის აღმკვეთი სამუშაოების მიზანი ძირითადად მდგომარეობს შემდეგში: მკვეთრად უნდა მოხდეს დაღმავალი სეტყვის მარცვლების ზომაში შემცირება, ან მოხდეს მათი გარდაქმნა და შეცვლა წვიმის წვეთებად, ღრუბლების განსაზღვრულ სფეროებში სპეციალური რეაგენტის (ვერცხლის იოდიდი) გაფანტვით, მანამ სანამ მოხდება სეტყვის მარცვლების ფორმირება.
მსგავსი სახის სამუშაოები მიმდინარეობს კიდევ რამოდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: ბულგარეთში, ჩინეთში , არგენტინაში და სხვა.
ადრეული ტიპის სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა საქართველოში 1960 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა. მაშინდელი სისტემა “ალაზანი“ წარმოადგენდა პრიმიტიული ტექნოლოგიებით შექმნილ სისტემას რომლის მუშაობის ეფექტურობა არც ისე მაღალი იყო, მუშაობის შემდეგ კი იწვევდა მოსავლის ქიმიურ დაბინძურებას ტყვიის იოდიდით.
დღესდღეობით კახეთში დამონტაჟებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა წარმოადგენს ერთიან ავტომატიზირებულ კომპლექსს რომელსაც სეტყვასაშიშ კერაზე მყისიერი ზემოქმედება შეუძლია.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შემადგენლობაში შედის:
• მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგური.
• ცენტრალური მართვის ცენტრი
• ავტომატიზირებული ციფრული ცეცხლის მართვის სისტემა
• რაკეტის გამშვები მოწყობილობა სდ-56 და სდ-26
• სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები
მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგური წარმოადგენს C დიაპაზონის, ორმაგად პოლარიზებულ დოპლერულ რადიოლოკატორს, რომელიც იღებს მონაცემებს სეტყვის წარმომშობი ღრუბლის შესახებ.
სპეციფიკური ალგორითმის გამოყენებით, პროგრამა ყველა ამ მონაცემს ამუშავებს და უსწრაფესად აგზავნის მართვის ცენტრში. ცენტრალური მართვის ცენტრი წარმოადგენს პერსონალისთვის განკუთვნილ ადგილს, სადაც ამინდის რადარებიდან და რაკეტების გამშვები ადგილებიდან მიღებული ინფორმაციის მოგროვება და გადამუშავება ხდება. ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ მართვის ცენტრიდან ხდება შესაბამისი საცეცხლე წერტილის შერჩევა და ღრუბლის სარაკეტო დამუშავება.
სეტყვისაგან დასაცავად კახეთის რეგიონში განთავსებულია 80 ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარი.
სარაკეტო გამშვები განთავსებულია სპეციალურად შემოღობილ ტერიტორიაზე, მისი კვება ავტონომიურია და მზის პანელით ხდება. გამშვებ მოწყობილობაზე დაყენებულია 26-56 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა.
სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა წარმოადგენს 60 მმ-იან უმართავ რაკეტას, რომელიც შეიცავს 50-70 გრამ ვერცხლის იოდიდის რეაგენტს. რეაგენტი იფანტება 2,5-4,5 კმ სიმაღლიდან 30-35 წამის განმავლობაში.