რატომაა ნინოწმინდის ახალი დასასვენებელი ზონები ნაგავში ჩაფლული

რატომაა ნინოწმინდის ახალი დასასვენებელი ზონები ნაგავში ჩაფლული

ნინოწმინდაში ახლად რეკონსტრუქტირებული რეკრეაციული ზონები დღითიდღე უფრო ხალხმრავალი ხდება. ერთის მხრივ ეს საღამოობით ქალაქს მხიარულსა და მიმზიდველს ხდის, მეორე მხრივ კი სკვერებში შეკრებილი ხალხი აბინძურებს გარემოს.

რადიო NOR-ი ყოველდღიურად უწევს მონიტორინგს ახლად მოწყობილ პარკებს. ჩვენ არაერთხელ გვქონდა გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოვაჩენდით იმ პირების სახეებს, რომლებიც მზესუმზირის ნარჩენებს, ნაყინის ქაღალდებსა და ბოთლებს ყრიან სკვერებსა თუ პარკებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში პარკებში [ძირითადად ცენტრალურ პარკში] სისუფთავე იყო, თუმცა გაირკვა, რომ ამას საქალაქო სამსახურის თანამშრომლები უწყობდნენ ხელს. დილით ისინი ასუფთავებენ პარკს, თუმცა საღამოს საათებში ადგილობრივები კვლავ ანაგვიანებენ მას.

ცენტრალური პარკი დღეს

ცენტრალურ პარკში თითქმის ყველა სკამის ქვეშ მზესუმზირის ნარჩენები ყრია. ნინოწმინდის ერთ-ერთმა მკვიდრმა გამოგვიგზავნა ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს კულტურის ცენტრის ეზოს დაბინძურების ფაქტი. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მერის მოადგილე, არმენ ბდოიანი დანაგვიანებს მოხეტიალე ძაღლებსაც უკავშირებს, რომლებიც ასევე ჯგუფებად დადიან, განსაკუთრებით საღამოს საათებში.


ფოტოები გადაღებული 29 ივლისის ღამეს, ნინოწმინდის მცხოვრებლის მიერ

აღსანიშნავის ისიც, რომ ჰაიოს-ქართლოსის პარკში გატეხილია სკამი.

გარდა ამისა, ცენტრალური პარკის ხელოვნური ღობე ერთი მხრიდან დეფორმირებულია, რადგან ბავშვები და მოზარდები აქედან მინი სტადიონზე გადიან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე კვირაა, რაც პარკში სასმელი წყლის შადრევანია დაზიანებული, რის გამოც სასმელი წყალი მილიდან ჟონავს და ძირს იღვრება.

რადიო NOR-ის თანამშრომლებმა აქვე ახლოს, საბავშვო მოედანთან ტომრებიც შეამჩნიეს, რომლებიც ერთი-შეხედვით ნარჩენებს წააგავდა.

თუმცა ამის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, არმენ ბდოიანმა, გვაცნობა, რომ ეს არის კაუჩუკის (რეზინის) მასალა, რომელიც უნდა გამოიყენონ პარკში შესასრულებელი შემდგომი სამუშაოებისთვის.

სხვა დეფექტებსა და დაზიანებების შესახებ მერის მოადგილემ გვითხრა, რომ ჯერ-ჯერობით ისინი ისევ სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ, “შპს საბა კონსტრაქშენმა” უნდა გამოასწოროს, რადგან მუნიციპალიტეტისთვის პარკი ჯერ არაა გადაცემული.

ამის შესახებ ჩვენ ასევე ვესაუბრეთ “საბა კონსტრაქშენის” კურატორს, რომელმაც გვითხრა. – “ჩვენ ყოველთვის ვერ გავუწევთ კონტროლს, რადგან არ ვიმყოფებით ნინოწმინდაში. თან ყოველთვის როცა რაიმეს ხალხი აზიანებს, ჩვენი გასაკეთებელი კი არ არის. უნდა დაამონტაჟონ კამერები, და მკაცრი კონტროლი გაუწიოს მუნიციპალიტეტმა. ამას უნდა ყურადღების მიქცევა…”, – თქვა მან.

ცნობისთვის:
“განახლებული რეგიონები” პროგრამის ფარგლებში ნინოწმინდაში სამი დასასვენებელი ზონა მოეწყო: ჰაიოს-ქართლოსის პარკი, კულტურის ცენტრის ეზო და ცენტრალური პარკი.

რაც შეეხება ვიდეოკამერების დამონტაჟებას, მერის მოადგილემ გვითხრა, რომ ახლა ნებართვის მიღების პროცესი მიმდინარეობს და როდესაც ნებართვას მიიღებენ ვიდეოკამარებსაც შეიძენენ. მან ასევე დასძინა, რომ როგორც კი პარკი მუნიციპალიტეტს გადაეცემა დაიქირავებენ ადამიანს, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს ცენტრალურ პარკს. ჰაიოს-ქართლოსის პარკის მეთვალყურედ არის დანიშნული პირი, რომელიც სოციალური პროგრამის ფარგლებში მუშაობს, ხოლო კულტურის ცენტრს ეზოს ყურადღებას თვითონ ცენტრის თანამშრომლები აქცევენ.