სამცხე-ჯავახეთში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებენ

სამცხე-ჯავახეთში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებენ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეატყობინა, რომ გუბერნიიდან დადებითი პასუხი მიიღო მიუსაფარი ძაღლების პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება.

2023 წლის 13 ივლისს ახალქალაქში მოქმედმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საკრებულოს მიმართა წერილით, სადაც შესთავაზა თვითმმართველ ორგანოს მიუსაფარი ძაღლების პრობლემის გადაჭრა ერთობლივი მუშაობით. აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის იყვნენ “მწვანე გზაჯვარედინი”, “ღია საზღვრები”, “ახალქალაქის ბიზნეს-ცენტრი”, “მომავლის კორპუსი”, “ზრდასრულთა განათლების ცენტრი” და “ახალქალაქის განვითარების ჯგუფი (LAG)”.

აღნიშნული საკითხი, 19 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე განიხილეს. დამსწრეებმა [არასამთავრობო სექტორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა] განიხილეს მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული სიტუაცია და პრობლემის აღმოფხვრის რეგიონში არსებული მეთოდების არაეფექტურობა (დაჭერა, სტერილიზაცია და ა.შ.). შედეგად, გადაწყდა, რომ შესაბამისი წერილი გაიგზავნებოდა სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პრობლემის ეღტობლივი ძალებით გადაჭრის მიზნით.

მიმდინარე წლის 31 ივლისს, ახალქალაქის საკრებულომ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისგან პასუხი მიიღო.

– “№117-117232002 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ სამხარეო ადმინისტრაციამ დაიწყო შესაბამისი პროცედურები მიუსაფარი ცხოველების პრობლემის აღმოსაფხვრელად.

პატივისცემით, დავით ვარდიაშვილი – სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე”, – წერია მოწოდებულ განცხადებაში [რედ. წერილის ტექსტი ნათარგმნია რუსული ენიდან, ამიტომ შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ორიგინალს].

აღსანიშნავია, რომ წერილში არ არის დაკონკრეტებული, თუ პრობლემის გადაჭრის რა მეთოდებზეა საუბარი, თუმცა, ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელთ არსებული ინფორმაციით, რეგიონში განიხილება მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის შექმნის საკითხი, რომელიც ქალაქ ახალციხეში იქნება.

მოხეტიალე ძაღლების პრობლემა დღითიდღე მწვავდება. სულ უფრო ხშირია მათი ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები.

მეტი ამ თემაზე: