რატომ არ არის დღემდე მოხრეშილი სოფელ ფარავნის წყალწაღებული ქუჩები?

რატომ არ არის დღემდე მოხრეშილი სოფელ ფარავნის წყალწაღებული ქუჩები?

დაახლოებით ორი თვის წინ [11 ივნისს] სოფელ ფარავნის გზები ძლიერი წვიმის შემდეგ წყალმა წაიღო. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, არმენ ბდოიანმა და სოფელ ფარავანში მერის წარმომადგენელმა, მასის აღაიანმა მაშინ [13 ივნისს] გვაცნობეს, რომ ამ გზაზე მოხრეშვის სამუშაოები ჩატარდებოდა, თუმცა ამ დრომდე აქ არანაირი სამუშაო არ არის ჩატარებული. სოფლის მოსახლეობა წუხს, რომ მათ პრობლემებს ყურადღებას არ აქცევენ.

– “ნახევარი საათი მარტო სოფლიდან გასვლისას გვჭირდება. ნებისმიერი მანქანა ფუჭდება ასეთ გზაზე. ავადმყოფების წაყვანაც კი გვიჭირს ქალაქში. ასეთ გარემოში ცხოვრება შეუძლებელი ხდება. ნუთუ უნდათ, რომ სოფლიდან ყველა წავიდეს?”, – ამბობს სოფელ ფარავნის ერთ-ერთი მკვიდრი. 

სოფელი ფარავანი ნინოწმინდიდან 37 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ნინოწმინდა-წალკის დამაკავშირებელ მთავარ გზაზე. სოფლის შიდა გზები ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია. დღეს რადიო NOR-ი კვლავ გაესაუბრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსს, არმენ ბდოიანს. 

ბდოიანმა გვაცნობა, რომ გზის მოხრეშვა იგეგმება, თუმცა ამჯამად კომპანია “არალი” [ეს კომპანია შეასრულებს მოხრეშვის სამუშაოებს] აგროვებს მასალას. აღსანიშნავია, რომ გზების მოხრეშვისთვის გამოყენებული იქნება წალკის მუნიციპალიტეტის ასფალტის ძველი ფენა. რომელიც დაიშლება პატარა ნაწილებად და შემდგომ ნინოწმინდის სოფლების გზებზე დაიყრება. 

მანვე [არმენ ბდოიანმა] გვაცნობა, რომ ფარავნის გარდა სხვა სოფლებშიც იგეგმება მოხრეშვა (მაგ. ოროჯალარში, ეშტიაში, სამებაში და სხვ.).


მეტი სოფელ ფარავნის შესახებ