ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს, 15 აგვისტოს მრჩეველთა საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე ნინოწმინდის მერმა, ანივარდ მოსოიანმა და მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრებმა განიხილეს სამი საკითხი: ქალაქის დღეობასთან დაკავშირებული ღონისძიებები, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობა და საბჭოს წევრების შემოთავაზებები 2024 წლის ბიუჯეტის პროექტისთვის.
ქალაქის დღეობასთან დაკავშირებული ღონისძიებები კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსმა ლევონ ვარდანიანმა დაანონსა. მისი თქმით სექტემბერში ნინოწმინდაში გაიმართება ქალაქის დღეობა, სადაც კულტურული, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი. საბჭოს წევრებმა საკუთარი იდეები შესთავაზეს მერს, ანივარდ მოსოიანსა და ლევონ ვარდანიანს.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი იდეებით მიმართოს მერიის შესაბამის სამსახურებს (კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურს, საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურს ან მერს). მათი იდეები განიხილება და პროგრამაში იქნება გათვალისწინებული, თუ კი არსებული ბიუჯეტით მათი განხორციელება შესაძლებელი იქნება.
ნინოწმინდაში აქამდე ქალაქის დღე არ აღინიშნებოდა, თუმცა აღინიშნება კონკრეტული სოფლების დღესასწაულები: სათხეში – 1 ივნისს, აგვისტოს მეორე კვირა დღეს ხოჯაბეკის დღე, 4 ივლისს სოფელ დილითის დღე, 7 ივნისს სოფელ ოროჯალარის დღე, 1 ოქტომბერს – სოფელ პატარა გონდრიოს დღე და სხვ. ამ დღესასწაულებს სხვადასხვა კულტურული, ტრადიციული თუ რელიგიური დატვირთვა აქვთ.
როგორც ლევონ ვარდანიანმა ამ საკითხის განხილვისას აღნიშნა, ჯერ-ჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება ჩასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშრებით არ არსებობს. თუმცა უახლოეს დღეებში შესაძლებელია მოსახლეობის მხრიდან კონკრეტული წინადადებების მიღება და დღესასწაულის დაგეგმვა.