ნინოწმინდის გზებზე არსებული ორმოები საფრთხეს უქმნის ავტომანქანების მძღოლებს

ნინოწმინდის გზებზე არსებული ორმოები საფრთხეს უქმნის ავტომანქანების მძღოლებს

ნინოწმინდაში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გზის საფარი დღითიდღე იშლება. გზებზე რამდენიმე თვის წინ გაჩენილი ორმოები სულ უფრო და უფრო ღრმავდება, რაც სახიფათო სიტუაციას ქმნის მძღოლებისთვის.

ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გვქონია დიალოგი როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე გზების საფარის კეთილმოწყობის სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებთან. მერის, მისი მოადგილეებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება. წელს 300 000 ლარია გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გზების საფარის განახლების (ორმოების ამოვსება) სამუშაოებისთვის. თუმცა ტენდერი მესამედ გამოცხადების შემდეგაც არ შედგა.

გასულ წელს ამავე სამუშაოებისთვის 100 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა რესურსების ნაკლებობის გამო მხოლოდ პუშკინისა და კარლ-მარქსის ქუჩების რამდენიმე მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხდა. სამუშაოებს კომპანია “ჯავახავტოგზა” ასრულებდა. ახლა კი ამ მონაკვეთებზე კვლავ არის გაჩენილი ბზარები და ორმოები.

 

აღსანიშნავია, რომ საგზაო-სამშენებლო კომპანია “ჯავახავტოგზა” 1998 წლიდან არის დარეგისტრირებული, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს). კომპანია სამცხე-ჯავახეთში, ძირითადად, ნინოწმინდასა და ახალქალაქში ახორციელებს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს.

ამ დროისთვის მხოლოდ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში კომპანიას 130-ზე მეტი ტენდერი აქვს მოგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითად საქმეს ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით აღნიშნული კომპანია ასრულებს, როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით.