სომხური საგანმანათლებლო ფონდი უკვე წლებია, რაც საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი სტუდენტებისთვის სტიპენდიებს გასცემს. ამ დაფინანსებით საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს სრულად უფინანსდებათ სწავლა, რაც წლიურად 2250 ლარს შეადგენს.
წელს ფონდის დაფინანსება 50-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. მათ შორის იყო ჩვენი რესპოდენტიც, სტეფან დუმოიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვიდან. იგი 2022 წელს 1+4 პროგრამით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ამავდროულად ის აქტივისტი და მოხალიც არის.
“უნივერსიტეტში წარჩინებით სწავლისას ვეძებდი დაფინანსების წყაროებს, როცა შევიტყვე ამ ფონდის შესახებ. გავიგე პროგრამის კრიტერიუმების შესახებ და მივირე მონაწილეობა. შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით მივაღწიე იმას, რომ გავხდი პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული, რისთვისაც AEF-ის [სომხური საგანმანათლებლო ფონდის] მთელ პერსონალს ვუხდი მადლობას. ესშესანიშნავი შანსია ყველა სტუდენტისთვის”? – ამბობს სტეფანი.
დაფინანსების მიღებამდე მონაწილეებმა რამდენიმე საკონკურსო ეტაპი უნდა გადალახონ. როგორც სტეფანმა ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, პირველ ეტაპზე ითვალისწინებდნენ სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას, განაცხადის ფორმაში დაწერილ ესსეს და მის მიერ გაწეულ საქმიანობას. მეორე ეტაპი გასაუბრებისგან შედგებოდა, რომელიც გადამწყვეტი იყო და დიდ ხანსაც გაგრძელდა. “დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, საბოლოოდ, მივიღე დადებითი პასუხი”, – აღნიშნავს იგი.
ეს დაფინანსება როგორც სტეფანისთვის, ასევე სხვა სტუდენტებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწავლის ხარჯის დაფარვის გარდა, მათ უწევთ ბინის ქირის გადახდაც თბილისსა თუ სხვა ქალაქებში, რაც ძვირადღირებული ფუფუნება გახდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. სტანდარტული ერთოთახიანი ბინა თბილისში, რომელიც სტუდენტის ყველა საბაზისო საჭიროებას დააკმაყოფილებდა (გათბობა, ცხელი წყალი, მაცივარი, სან.კვანძი) დღეს საშუალოდ 800-900 ლარი ღირს, იშვიათად თუ მოიძებნება ბინა 600-700 ლარის ფარგლებში.
“გარკვეულწილად ოჯახს ხარჯები შეუმსუბუქდა და ახლა არ ვიფიქრებ სწავლის გადასახადზე, მხოლოდ გაკვეთილებს მივხედავ. ეს მოტივაციაა მათთვის, ვისაც უყვარს ბრძოლა განვითარებისთვის და კარიერული წინსვლისთვის.”
გარდა ამისა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის ხშირად ძირითად პრობლემას ქართული ენის არცოდნა ან არასათანადო დონეზე ცოდნა წარმოადგენს. ამის გამო მათ ხშირად უჭირთ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება და ახალ გარემოში ადაპტირება. სტეფანის თქმით, ისიც ხშირად დგას ამგვარი პრობლემების წინაშე, თუმცა თვლის, რომ ეს ნორმალურია, რადგან სირთულეების გადალახვის გარეშე ვერ მიაღწევ ვერაფერს.
მოკლედ სომხური საგანმანათლებლო ფონდის შესახებ
ორგანიზაცია აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ გლენდეილშია არის დაფუძნებული. 1950 წლიდან სომხური საგანმანათლებლო ფონდის (AEF) მისიაა ფინანსური დახმარება გაუწიოს სომხურ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა და დაეხმაროს სომეხი წარმომავლობის სტუდენტებს, მიიღონ განათლება დაწყებით სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. თავისი საქმიანობის 72 წელიწადში ფონდს გაცემული აქვს 1000-ზე მეტი სტიპენდია.
სომხური საგანმანათლებლო ფონდი (AEF) უკვე 5 წელია, რაც საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი სტუდენტებისთვის სტიპენდიებს გასცემს. პირველი ორი წლის მანძილზე სამიზნე რეგიონს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები წარმოადგენდა. ახლა ფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით (თბილისის გარდა) აფინანსებს ეთნიკურად სომეხ სტუდენტებს.