ნინოწმინდელი სტუდენტები, ეკატერინე კაპლანიანი და როზა კულახსზიანი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სწავლას საფრანგეთში, პარიზის უნივერსიტეტებში გააგრძელებენ.
როზა კულახსზიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატის სტუდენტია. საფრანგეთში სწავლას როზა გააგრძელებს პარიზის ვალ დე მარის უნივერსიტეტში (Paris Est Créteil University) მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტზე.
ეკატერინე კაპლანიანი კი ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლის პარიზის ნანტერის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამაზე. როგორც იგი აღნიშნავს, ეს იყო ერთადერთი უნივერსიტეტი, სადაც მისი სასურველი ფაკულტეტი იყო. მას ჯერ კიდევ ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში უნდოდა, თუმცა ამას Covid-19-ის პიკი დაემთხვა, რის გამოც მაშინ მონაწილეობა ვერ შეძლო.
“ყოველთვის მინდოდა განათლება მიმეღო ჩვენთვის სამაგალითო ქვეყნებში, სადაც განათლების უკეთესი სისტემაა. ვფიქრობ, სხვა, უფრო განვითარებული ქვეყანაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება არა მხოლოდ მე, არამედ ჩვენს რეგიონს და ქვეყანასაც დაეხმარება განვითარებაში”, – გვეუბნება ეკატერინე.
როგორც ეკატერინე გვიყვება Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობისას ითვალისწინებენ სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას და ინგლისური ენის ცოდნას (უნდა იყოს მინიმუმ ბ2 დონეზე).
როდესაც ეკატერინე სირთულეების შესახებ ჰყვება, ამბობს, რომ ყველაზე იოლი აღმოჩნდა საჭირო საბუთების შეგროვება, რაშიც შედის ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი, ბაკალავრიატის დიპლომი (თუ სამაგისტრო პროგრამაზე აბარებს სტუდენტი), სამოტივაციო წერილები, Europass ფორმით შევსებული CV.
საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნა შეუძლიათ სამი თვე ვიზის გარეშე, თუმცა ეკატერინე ერთი სემესტრის განმავლობაში იქნება საფრანგეთში, ამიტომ მას ვიზის აღებაც დასჭირდა, რაც ხანგრძლივი პროცესია.
რაც შეეხება პარიზში ცხოვრებას, ეკატერინე გვიყვება, რომ ბინების ქირაობა იქ ძვირია, თუმცა მან შეძლო სტუდენტურ საცხოვრებელში შედარებით იაფი ოთახის ქირაობა.
უფრო დეტალურად ეკატერინე აუდიო-მასალაში გვიყვება.