ხალხი იძულებულია სხვა გზები მონახოს ჯარიმების თავიდან ასარიდებლად

ხალხი იძულებულია სხვა გზები მონახოს ჯარიმების თავიდან ასარიდებლად

ნინოწმინდაში ტექინსპექტირების წესების გამკაცრებას, ვადების ცვლილებასა და ჯარიმების საფასურის ზრდა მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. ხალხი იძულებულია, ჯარიმების თავიდან ასაცილებლად სხვა, შემოვლითი გზებით ისარგებლოს.

ნინოწმინდელები ამბობენ, რომ აქაური გარემო, საგზაო ინფრასტრუქტურა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელს არ უწყობს ხალხს, რომ სტანდარტების შესაბამისი ავტომობილებით ისარგებლონ. სწორედ ამიტომ იყენებენ იმას, რისი შესაძლებლობაც აქვთ.

როგორც ქალაქის ერთ-ერთი მკვიდრი ამბობს, ხახლი იძულებულია შემოუაროს ვიდეოკამერებს, რომლებიც განთავსებულია ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, რათა ჯარიმებს აარიდოს თავი. “ყველას უნდა კომფორტულად მგზავრობა, კარგი ავტომობილი და პრობლემების თავიდან აცილება, მაგრამ ბევრს არ აქვს ამის საშუალება. რეგიონში მაღალია სიღარიბის დონე, ხალხს არ აქვს იმის საშუალება, რომ ახალთახალი ავტომანქანა შეიძინოს”, – ამბობს ის.

რაც შეეხება ჯარიმას, ჩვენს მიერ გამოკითხულმა ერთ-ერთმა ადამიანმა აღნიშნა, რომ ვიდეო მეთვალყურეობის კამერების დამონტაჟება კარგია და საჭიროც. მართალია ტექინსპექტირების გაუსვლელობის გამოც ჯარიმდებიან ადამიანები, მაგრამ ეს კანონია და უნდა დაჯარიმდნენ ის მძღოლებიც, რომლებიც სიტყვაზე, სიჩქარეს აჭარბებენ.

თუმცა ხალხის ნაწილმა ისიც თქვა, რომ ახლა ხშირია შემთხვევები, როდესაც საპატრულო პოლიცია ე.წ. ციმციმას (მიგალკის) გარეშე დადის, მხოლოდ მძღოლთან მოახლოების შემდეგ რთავს შესაბამის სიგნალს, აჩერებს მანქანას და შემდეგ აჯარიმებს, რაც ხალხის თქმით დაუშვებელია.

დეტალები აუდიო მასალაში

Radio NOR · Люди вынуждены находить иные пути, во избежание штрафа за техосмотр

მოკლედ ბოლო ცვლილებების შესახებ

2023 წლის 3 ივნისიდან ძალაში შევიდა კიდევ ორი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცალკეულ შემთხვევებში შეიცვალა ინსპექტირების ვადები და ჯარიმების საფასური. პირველადი ინსპექტირების შემდეგ, ავტომობილის დახარვეზების შემთხვევაში, ავტომფლობელს მიეცემა 30 კალენდარული დღე. თუ ამ პერიოდის შემდეგ ავტომობილი კვლავ ვერ გაივლის ტექდათვალიერებას (ანუ აღმოჩნდება ხარვეზეები) პირველადი ინსპექტირების გავლა მოუწევს 10 კალენდარულ დღეში და შესაბამისად გადაიხდის პირველადი ინსპექტირების საფასურს.

ცვლილების თანახმად, 10 დღიანი ვადა ავტომფლობელს მიეცემა იმ დრომდე და იმდენჯერ, სანამ ავტომობილის მნიშვნელოვან და სახიფათო ხარვეზებს არ აღმოფხვრის. შესაბამისად, ყოველ ჯერზე, მანამ, სანამ არ გაივლის ტექინსპექტირებას, გადაიხდის პირველადი ტექინსპექტირების ღირებულებას.

რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებას, ავტომობილის ტექინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში თუ არ გაივლის ტექინსპექტირებას, დაეკისრება ჯარიმა – 150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს – 300 ლარის ოდენობით. იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი 30 დღის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექინსპექტირებას, ჯარიმის ოდენობა გაიზრდება – ფიზიკური პირის შემთხვევაში 300 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 500 ლარამდე. კვლავ 30 დღის გასვლის შემდგომ იგივე სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის არის 500 ლარი, იურიდიული პირისთვის – 700.