სტუდენტობა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია იმისათვის, რომ ადამიანმა ჩამოაყალიბოს საკუთარი იდენტობა და ცხოვრების სწორი გზა აირჩიოს.
რა მოლოდინები აქვთ ჩვენს რეგიონში სტუდენტებს, რისი მიღწევა სურთ, როგორ იყენებენ მიღებულ ცოდნას და რა სირთულეებს აწყდებიან სამსახურის პოვნაში – მათთან გავარკვიეთ.
მარიეტტა მღდესიანი ერთ-ერთი სტუდენტია ნინოწმინდიდან, რომელმაც 2023 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი მენეჯმენტის განხრით, გადალახა სტუდენტობის პერიოდი და მზად არის გაგვიზიაროს საკუთარი გამოცდილება.
მარიეტტა ახლა საკუთარი პროფესიით მუშაობს – მარკეტინგის სპეციალისტია ერთ-ერთ კომპანიაში. თუმცა სანამ ამ შედეგს მიაღწევდა, მას მოუწია გარკვეული დაბრკოლებების გადალახვა, მათ შორის პანდემიისა და ენობრივი ბარიერის. ამიტომ ის მოუწოდებს სტუდენტებს საწყის ეტაპზევე კარგად ისწავლონ ქართული ენა, რათა შემდგომში არ გაუჭირდეთ სწავლა.
დაწვრილებით ჩვენს ინტერვიუში.
კრისტინა მურადიანი ახალქალაქიდანაა. ის სწავლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მე-6 კურსზეა, ის უკვე მუშაობს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.
“ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მეექვსე კურსზე. არჩეული მაქვს სამკურნალო საქმე, წელს ვამთავრებ. სწავლა თავიდან ძალიან რთული იყო, რადგან არ ვფლობდი კარგად ქართულ ენას, და ჩემთვის უფრო რთული იყო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რადგან სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ოქროს მედლით დავამთავრე სომხურენოვანი სკოლა და შესაბამის შედეგს ველოდებოდი აქაც. პირველ კურსზე იმედგაცურებული დავდიოდი, მაგრამ დროთა განმავლოვაში გადავლახე ენის ბარიერიც და თვითშეფასებაც დამიბრუნდა”, – გვიყვება კრისტინა.
უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნაზე კრისტინაც გვიზიარებს საკუთარ აზრს:
“უნივერსიტეტის ცოდნა საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა. აუცილებელია, რომ სტუდენტი თვითონ იყოს დაინტერესებული თავისი მომავალი პროფესიით და უნივერსიტეტისგან მიღებულ ცოდნას დაამატოს თვითგანათლება. ბევრი მოლოდინი მქონდა, რადგან არჩეული მქონდა ისეთი პროფესია, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და კეთილშობილური პროფესიაა, მაგრამ დღევანდელ რეალობაში, სამწუხაროდ, შესაბამისად არ ფასდება არც პაციენტების და არც სახელმწიფოს მხრიდან.
ამჟამად სწავლასთან ერთად ვმუშაობ კლინიკაში ჩემი პროფესიით, მაგრამ, რა თქმა უნდა, წინ მაქვს კიდევ ძალიან გრძელი, რთული და საინტერესო გზა.
დაბალკურსელებს და აბიტურიენტებს ვურჩევ ყურადღება მიაქციონ თვითგანათლებას და ისწავლონ უცხო ენები. უბრალოდ იცოდეთ, რომ თავიდან ყველა სტუდენტისთვის რთულია ადაპტაცია. ჩვენც იგივე გზა გამოვიარეთ, რომლის წინაშეც თქვენ დგახართ, უბრალოდ დარწმუნებულნი იყავით საკუთარ თავში და შექმენით ის ბედნიერი მომავალი, რომელზეც ოცნებობთ”, – ასკვნის ის.
ბიზნესის ადმინისტრირების კიდევ ერთი კურსდამთავრებული – ჰასმიკი (სახელი შეცვლილია).
“დავამთავრე ჩემი აზრით საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის განხრით.
სტუდენტობის პერიოდი სულ სხვანაირად წარმომედგინა. 2 წლის მანძილზე მიწევდა პანდემიის პირობებში სწავლა. სანამ შევეჩვიე ახალ სტუდენტურ გარემოს – ყველაფერი ონლაინზე გადავიდა. ამის გამო ვერც ნორმალური სანაცნობო წრე და მეგობრები შევიძინე, ვერც იმ დონის ცოდნა, როგორიც მინდოდა.”
ჰასმიკი იყენებს საკუთარ პროფესიას, თუმცა სამუშაო ადგილების არარსებობის გამო ვერსად მუაშაობს. როგორ?
“საერთოდ, რომ შევხედოთ, უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა გამოსადეგია, თუმცა, თუ ჩავუღრმავდებით ამ საკითხს, ბევრგან საჭიროა მიღებული ცოდნის გაფილრტვა და ზუსტად იმ რაღაცების განცალკევება, რისი გამოყენებაც შესაძლებელია პრაქტიკაზე, რადგან უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის 80-90% არის თეორია და თუ მას პრაქტიკაში არ გამოვიყენებთ, – ჩათვალეთ არაფერი გვისწავლია.
ვმუშაობ ჩემი პროფესიით და მაქვს საკუთარი ბიზნესი, რომლის წარმართვისას უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას უკვე პრაქტიკაში ვიყენებ.
აბიტურიენტებს და ახალბედა სტუდენტებს ვურჩევ შეიძინონ კარგი ნაცნობები, ბევრი კომუნიკაცია ჰქონდეთ სხვადასხვა ადამიანებთან, ბევრი შეკითხვა დაუსვან ლექტორებს და მათი მაქსიმუმი გამოიყენონ. და აუცილებლად, სწავლის პარალელურად იმუშავეთ, თუნდაც გაიარეთ სტაჟირებები და იმუშავეთ არა იმისთვის, რომ ფული გამოიმუშაოთ, არამედ – გამოცდილება.
ჩვენს რეგიონში, კონკრეტულად ჩემი პროფესიით სამუშაო ადგილები არ არის. ერთ-ერთი მიზეზი – ხალხი საკუთარ ბიზნესს სხვას არ ანდობს, ეს უბრალოდ ნდობის ფაქტორია. სხვა მხრიდან – ნინოწმინდაში სამუშაო ადგილების სიმცირეა და სახელმწიფო სამსახურის პოვნა შეუძლებელია (მიზეზებზე გავჩუმდები), ხოლო ხელფასი ყველაგან მინიმალურია.”
როგორც ვხედავთ, ახალგაზრდები მკვეთრად ამჩნევენ რეგინში დასაქმების პრობლემას და ამაზე უფრო დეტალურად ეკატერინე კაპლანიას ვესაუბრეთ:
ის რეგიონში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობს. როგორც ეკატერინე გვეუბნება, ახალგაზრდა თაობას კარიერული წინსვლის მინიმალური შანსი აქვს ნინოწმინდაში, რადგან საჯარო უწყებებში ნაცნობობით ასაქმებენ ხალხს.
- ნინოწმინდელი სტუდენტები სწავლას საფრანგეთის უნივერსიტეტებში გააგრძელებენ
- AEF-მა საქართველოში 50-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსა სწავლა. რას ამბობს ერთ-ერთი სტიპენდიატი?
- ნინოწმინდელი სტუდენტები მუნიციპალურ სტიპენდიებს მიიღებენ – ახალგაზრდების ინიციატივა დაკმაყოფილებულია