თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნიდან – საქართველო ან სომხეთი, ეს კონკურსი შენთვისაა. შეიტანე განაცხადი 1 ოქტომბრამდე და შეუერთდი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას.
ახალი კონკურსი EU NEIGHBOURS east პროგრამამ გამოაცხადა და ის განკუთვნილია ენერგიული და მონდომებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ევროკავშირის საქმიანობა და თავიანთი ქვეყნის პარტნიორობა ევროკავშირთან. კანდიდატებმა კარგად უნდა იცოდნენ ინგლისური ენა.
მათ უნდა სურდეთ თავიანთი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში წვლილის შეტანა და მზად უნდა იყვნენ სამოქალაქო ჩართულობის აქტივობებისთვის დროის დასათმობად.
წარმატებული კანდიდატები დიალოგზე დაფუძნებულ ონლაინაქტივობებში ჩაერთვებიან და საკუთარი ქვეყნების ახალგაზრდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე წარმოადგენენ. ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, განიხილავენ ახალგაზრდებისთვის საჭირბოროტო საკითხებს და იმუშავებენ ერთად თავიანთი ქვეყნების უკეთესი მომავლისთვის. კონკურსისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის შესახებ მეტის გაგება ამ სააპლიკაციო გვერდზეა შესაძლებელი.
განაცხადის შესატანად კანდიდატმა ეს სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსოს 2023 წლის 1 ოქტომბრის შუაღამემდე, ცენტრალური ევროპული დროით (CET). აპლიკანტებმა განაცხადის სრულად შესავსებად უნდა დაასაბუთონ თავიანთი მოტივაცია და შეასრულონ შემოქმედებითი დავალება.
სააპლიკაციო პროცესის დასრულების მერე შერჩეულ კანდიდატებს ინტერვიუზე დაიბარებენ. მათ, ვინც ინტერვიუს წარმატებით გაივლიან, სპეციალურ სესიებზე მიიწვევენ, მათი პროფილები კი საბოლოო შეფასების მიზნით დაინტერესებულ მხარეებს გადაეგზავნებათ. განაცხადების მიღების დასრულებიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მთლიანი პროცესი, დაახლოებით, რვა კვირა გრძელდება.
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, უკრაინელ აპლიკანტებს განაცხადის შეტანა შეუძლიათ როგორც უკრაინიდან, ასევე ევროკავშირის იმ ნებისმიერი წევრი სახელმწიფოდან, სადაც ამჟამად ცხოვრობენ.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, ქმედითი საკომუნიკაციო ქსელია. ის ხელს უწყობს კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელ ახალგაზრდებს შორის.
ქსელის მიზანია, გაავრცელოს ინფორმაცია ევროკავშირის თანამშრომლობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, წარმოაჩინოს ამ თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს სხვადასხვა საკითხზე, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებას და ერთიანი ძალებით იმუშაოს უკეთესი მომავლისთვის.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივას ევროკავშირმა 2016 წელს ჩაუყარა საფუძველი და დღემდე მასში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ 1,700-ზე მეტ ახალგაზრდას მიუღია მონაწილეობა.
დამატებითი ინფორმაცია