ნინოწმინდის დასუფთავების სამსახური უკვე რამდენიმე დღეა დაძაბულ რეჟიმში მუშაობს.
გასულ კვირას მოსულმა სეტყვამ სირთულეები გამოიწვია, დააზიანა სახლების სახურავები და მოსახლეობის მანქანებთან ერთად, დასუფთავების ნაგავმზიდი მანქანაც კი.
დასუფთავების სამსახურს სამი სამსახურებრივი მანქანა და ერთი ტრაქტორი ჰყავს, რომელთა დახმარებითაც როგორც ქალაქიდან, ასევე სოფლებიდან გააქვთ ნაგავი. თუმცა, სეტყვის მიერ დაზიანებული ნაგავმზიდი მანქანა ამჟამად არ არის გამოყენებაში, რის გამოც დასუფთავების სამსახურის მუშობა გართულდა.
როგორც გვითხრა დასუფთავების სამსახურის დირექტორმა, – ანდრანიკ ბდოიანმა, – სეტყვით დაზიანებული სახლების სახურავების შეცვლის გამო, ურნები უფრო სწრაფად ივსება [სამშენებლო ნარჩენების ოდენობა იზრდება] და მათი დროულად დაცლა რთულია.
“სანამ ერთი ქუჩიდან გაგვაქვს ნაგავი და მეორეზე გადავდივართ, პირველი ქუჩის ურნები უკვე გავსებულია, ამიტომ ვერ ვახერხებთ ქალაქში სათანადო და დროულ მუშაობას. ამასთან ერთად, ხეებიც დაზიანებულია, რაც საქმეს გვიმატებს.”
ანდრანიკ ბდოიანმა ასევე ახსენა, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს გეგმა აქვთ და ამ გეგმის მიხედვით იციან, როგორ უნდა შეასრულონ თავიანთი საქმე. თუმცა ნაგავმზიდი მანქანების ნაკლებობაა, რადგან არსებული მანქანების რაოდენობა არ არის საკმარისი უფრო ეფექტური მუშაობისთვის, რადგან ისინი ხშირად გადიან წყობიდან სიძველის გამო.
უფრო ვრცლად აუდიოჩანაწერში: