რა მოელის პუშკინის #53-ში არსებულ ეზოში მოხსნილ გზის საფარს

რა მოელის პუშკინის #53-ში არსებულ ეზოში მოხსნილ გზის საფარს

პუშკინის #53-ის ეზოში ახლად მოასფალტებული გზის საფარის ნაწილი რამდენიმე თვეა, რაც მოხსნილია. ეს პრობლემას უქმნის ამ მისამართზე მცხოვრებ და მომუშავე ხალხს.

Ნინოწმინდაში, პუშკინის ქუჩის #53-ში არსებული ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ტენდერი ჯერ კიდევ 2023 წლის 2 თებერვალს იყო გამოცხადებული. სამუშაოების შესრულებიდან რამდენიმე დღეში მოასფალტებული ეზო დაიტბორა, რასაც ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა.

ამის შემდეგ ახლად მოასფალტებული ეზოს ნაწილი გათხარეს, რათა წვიმების შემდეგ დაგროვილი წყალი ცენტრალურ ქუჩაზე მაინც გასულიყო, თუმცა ამაოდ. როგორც ფოტოებში ჩანს, წყალი მაინც გროვდება და ლპება… ამ ჯერად უკვე ამოთხრილ მონაკვეთში. წვიმის წყლის გარდა კი აქ გროვდება ნაგავიც, რომელიც აბინძურებს გარემოს.

ასფალტის ამოთხრილი ნაწილი მასში დაგროვილ წყლებთან ერთად ხელს უშლის ადამიანებს გადაადგილებისას. ამ მონაკვეთზე სადრენაჟო არხებიც კი არ არის მოწყობილი.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავესაუბრეთ გია ინასარიძეს, კომპანია “ჯავახავტოგზას” წარმომადგენელს, რომელმაც გვიპასუხა, რომ ხვალიდან ამ მონაკვეთის რემონტი დაიწყება, თუმცა წყალი გროვდება და ამიტომ, როგორც მანვე აღნიშნა ეს მონაკვეთი “ამოილესება”.

აღსანიშნავია, რომ პუშკინის #53 მისამართზე არა მხოლოდ საცხოვრებელი სახლი, არამედ ბიზნეს ობიექტებიცაა განთავსებული, ისეთები, როგორიცაა სასტუმრო, სილამაზის სალონი, ავიასალარო, გვერდით კი ბანკი და სხვადასხვა მაღაზიები. აგრეთვე ამ დროისთვის აღნიშნული საცხოვრებელი სახლის რემონტი მიმდინარეობს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 680 000 ლარია გამოყოფილი.