სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, უკრაინაში რუსეთის კატასტროფული შეჭრის გამო, სომხეთს აღარ შეუძლია, მოსკოვს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანთან ღია კონფლიქტის დაბრუნების შიში იზრდება.
„უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა. ჩვენი სტრატეგია ის უნდა იყოს, რომ ასეთ სიტუაციაში მაქსიმალურად შევამციროთ სხვებზე დამოკიდებულება. გვინდა, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა გვქონდეს, მაგრამ უნდა გვქონდეს გზები, როგორ ავიცილოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეჯახებების ცენტრში ყოფნა. არ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, რომელშიც სომხეთი „პროქსი“ გახდება. ეს დაუშვებელია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით „ჰუმანიტარული კრიზისი“ შექმნა და რუსეთმა საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა.
„ეს ყველაფერი, რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის სფეროში უნდა ყოფილიყო და ვინაიდან ეს პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, რუსეთმა საკუთარი მისია ვერ შეასრულა“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მიუხედავად ამისა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არ იცის, რუსი სამშვიდობოები რომ არ ყოფილიყვნენ მთიან ყარაბაღში, ახლა ვითარება უკეთესი იქნებოდა თუ არა.