რადიო NOR-მა არაერთხელ აცნობა მოსახლეობას სოფელ სამების სკოლაში გველის შესახებ. გველების გამო მოსწავლეები ონლაინ სწავლაზეც კი გადაიყვანეს. იგივე გველები ტურისტების ყურადღების მიზეზი გახდა.
ადრე გველები იყვნენ როგორც სკოლის შენობის შიგნით, ასევე გარეთაც.
დღეისთვის სამების სკოლა მთლიანად გარემონტებულია. სკოლის დირექტორის, მზექალა მინაძის თქმით, სკოლაში სრულფასოვანი კაპიტალური რემონტი ჩატარდა. გარემონტდა საკლასო ოთახები, სააქტო დარბაზი, დერეფნები და ტუალეტები. სკოლის დირექტორის თქმით, სანერვიულო აღარაფერია, რადგან რემონტის შედეგად, ყველა ღრუ, საიდანაც სკოლაში გველები შეაღწიეს, შეკეთებულია. გაიწმინდა იატაკი და ფასადი, გაკეთდა ახალი ბეტონი, რომელზეც სკოლაში ახალი ლამინატის იატაკი მოიწყო.
დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სოფელ სამებაში 11 მოსწავლეა, სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, სახელმწიფო სასწავლო გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
სკოლის დირექტორის, მზექალა მინაძის თქმით, რემონტისთვის თანხა სკოლამ ინფრასტრუქტურის სააგენტოსგან მიიღო. თანხის ოდენობამ 114 500 ლარი შეადგინა.
კაპიტალური რემონტის მიუხედავად, ცივ სეზონზე სკოლა კვლავ ხის ღუმელებით თბება და დირექტორის თქმით, სკოლა შეშას საკუთარი ბიუჯეტიდან ყიდულობს.