სტაჟირების პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამა) მოსარგებლე პირებისათვის
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას სტაჟირების პროგრამაზე „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (“1+4 პროგრამა”) მოსარგებლე პირებისათვის.
სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, პროფესიული უნარების განვითარება და საქმიანი გამოცდილების შეძენა, საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი უწყებათაშორისი საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები სურვილის მიხედვით 1-დან 12 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.