25 დღეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 896 მძღოლი დააჯარიმა

25 დღეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 896 მძღოლი დააჯარიმა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 4–დან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, დეპარტამენტის მოძრავმა ეკიპაჟებმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 896 სამართალდამრღვევი დააჯარიმა.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 418 სამართალდარღვევა გამოავლინეს თბილისში, 202 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 162 – ბათუმში, 114 კი, ქალაქ რუსთავში.

896 ჯარიმიდან 709 ფიზიკური პირის სახელზე დაფიქსირდა, 187 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

მოქალაქეებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით.