მთიანი ყარაბაღში სახლი 100 ათასზე მეტმა ადგილობრივმა დატოვა

მთიანი ყარაბაღში სახლი  100 ათასზე მეტმა ადგილობრივმა დატოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის, ნაზელი ბაღდასარიანის განცხადებით, 30 სექტემბრის 18:00 საათის მონაცემებით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 100 480 იძულებით გადაადგილებული პირი გადავიდა. ინფორმაციას  Azatutyun ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული საცხოვრებელი 37 749 ადამიანმა გამოიყენა. კოთაიკისა და არარატის რეგიონებმა არწახის ყველაზე მეტი მაცხოვრებელი შეიფარა. ამჟამად კოთაიკში 10 268 ადამიანი იმყოფება, ხოლო არარატში კი 8 948.

მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 21 076 ავტომანქანა გადავიდა. პრემიერ-მინისტრის კაბინეტის განცხადებით, 30 სექტემბრისთვის სომხეთიდან 90-მდე ავტობუსი გადავიდა სტეფანაკერტში ადგილობრივების ტრანსპორტირებისთვის. მათგან 2 900 ადამიანი გორისის და ვაიკის რეგიონულ ცენტრებში გადანაწილდნენ.

პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას სახელმწიფო ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს. ფაშინიანის ინფორმაციით, თითო ადამიანზე საცხოვრებელი ხარჯების უზრუნველყოფისთვის 40 000სომხური დრამი გამოიყოფა, დამატებით 10 000 კი კომუნალური ხარჯებისთვის. მისივე განმარტებით, სახელმწიფო პროგრამა სულ მცირე ექვს თვეს გასტანს. სახელმწიფო კონფლიქტის ზონიდან სომხეთში წამოსულ ადამიანებს ერთჯერადად 100 000 დრამითაც დაეხმარება.

ცნობისთვის, 28 სექტემბერს, თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის პირველ იანვარს რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს. განკარგულება ძალაში მისი საჯარო გამოქვეყნებისთანავე შედის. განკარგულების ამოქმედების შემდეგ, მთიან ყარაბაღში და მის მიღმა მცხოვრები მოსახლეობას ეცნობება რეინტეგრაციის პირობები, რომელსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკა შესთავაზებს. მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ გადაწყვეტილება, დარჩნენ თუ არა მთიან ყარაბაღში.

აზერბაიჯანულმა მხარემ, მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით დასახლებულ ქალაქ მართაკერტში აზერბაიჯანული დროშა აღმართა. მართაკერტი სომეხმა მოსახლეობამ უკვე დატოვა. ამ მომენტამდე, ქალაქი აზერბაიჯანული მხარის მიერ კონტროლირებადი ბოლო 1992 წლის ივლისიდან 1993 წლის ივნისის 27–მდე იყო.

მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა 1990-იანი წლების დასაწყისში გამოაცხადეს ეთნიკურმა სომხებმა, რომლებიც მანამდე სახლობდნენ მთიანი ყარაბაღის საბჭოთა ავტონომიურ ოლქში. დამოუკიდებლობა არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. 2020 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ რეგიონის ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

საერთაშორისო თანამეგობრობა მთიან ყარაბაღს აღიარებს აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიის ნაწილად, თუმცა ბაქო 1990-იანი წლების დასაწყისიდან არ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს.

2020 წლის შემოდგომაზე განახლებული ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით გააფორმეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამ დოკუმენტით, რომელმაც ერევანში ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია, ბაქომ დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

SKNEWS