ნინოწმინდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ტურისტული მიმართულებების მართვის ორგანიზაციამ 2022 წელს შესრულებული სამუშაოების და 2023 წლის პირველი და მეორე კვარტლების ანგარიში წარადგინა.
ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებით არის დაკავებული. პროგრამა “ეკოტურიზმის განვითარება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში, ტურისტული ადგილებისკენ ბილიკებისა და სასეირნო მარშრუტების მონიშვნა განხორციელდა. მარკირების შემდეგ შეიქმნა ვიდეო მასალები ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ღირსშესანიშნაობების ფართო გავრცელებისა და ხალხის ინფორმირების მიზნით. გარდა ამისა, მოეწყო და ჩატარდა რამდენიმე საინფორმაციო ტური, რომელზეც მოწვეული იყვნენ ტურიზმის სფეროში მოღვაწე ცნობილი ბლოგერები და გიდები.
აღმასრულებელი დირექტორის, დავით მუმლაძის განცხადებით, ორგანიზაციას აქვს რამდენიმე პროექტი მომავლისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ისინი ეტაპობრივად წყვეტენ ტურიზმის სექტორში არსებულ საკითხებს, რათა ნინოწმინდა მსოფლიო ბაზარზე ცნობილ ტურისტულ მიმართულებად იქცეს და მეტი ტურისტი მოიზიდოს. ტურისტული მიმართულებების მართვის ორგანიზაცია მხარს უჭერს კერძო სექტორს, რაც ხელს უწყობს ტურიზმის სფეროში მათი მუშაობის გაუმჯობესებას.
“ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მთელი წლის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდეს. კერძო სექტორი ძალიან ცდილობს, რომ ჩვენს საქმიანობაში იყოს ჩართული”, – განაცხადა ტურისტული მიმართულებების მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მუმლაძემ.