სალომე ზურაბიშვილის სიტყვა პარლამენტში იმპიჩმენტის განხილვაზე

სალომე ზურაბიშვილის სიტყვა პარლამენტში იმპიჩმენტის განხილვაზე

ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო. პირველად საქართველოს ისტორიაში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ. სხვა არაფერში და ამაში ვითომცდა პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ. ამ დროს კი,16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე.

საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც უნდა იდგეს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სრულად გამოვიდა თავისი როლიდან, გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას.

  1. საკონსტიტუციო სასამართლომ აბუჩად აიგდო და დააკნინა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროინტეგრაციის შესახებ. ესე იგი, თავადვე არ შეასრულა ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულება, რომელიც ყველა და არა ექსკლუზიურად მთავრობისა, ყველა კონსტიტუციურ ორგანოზე ვრცელდება.
  2. გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური არგუმენტაციით და სრულად გადმოიტანა დასკვნაში.
  3. მიუხედავად ამისა, ნიშანდობლივია ის, რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, გააცოცხლა ჩვენი საუკუნოვანი მართლმსაჯულების საამაყო ტრადიცია. მათი განსხვავებული აზრი გავრცელდება ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, აღიარებული იქნება მათი დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი. ხვალინდელი სტუდენტები კი ამით იამაყებენ და ამ მაგალითზე გაიზრდებიან. ეს იმედის მომცემია!

საკონსტიტუციომ თუკი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია! მე აქ არც არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია. კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია.

ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერც ერთი ვერ წარმოადგინეთ! ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზედაც აპელირებდით, რომ ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი ვერ დავდე, ხან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, როცა არ ვაწარმოებდი, ხან რა და ხან რა… ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ და დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ან კიდევ ალარ კარისს, ედგარს რინკევიჩს, გიტანას ნაუსედას…. სია შემიძლია გავაგრძელო…

ესენი კი ის ლიდერები არიან, რომლებზეც ხვალ ჩვენი სტატუსის მინიჭებაა დამოკიდებული და უნდა ითქვას, რომ ამ საიმპიჩმენტო პროცესით თქვენ მხოლოდ მე კი არა, და მე სულაც არა, არამედ ამ ლიდერებს აყენებთ შეურაცხყოფას და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ.

საკვირველია ისიც, რომ ამ დროს და ეს კონტრასტი ბევრი სმთქმელია, დიდი მოწიწებით ეპყრობით ოკუპანტ ქვეყანას და მის ლიდერებს, უფრო მეტიც, ღიად იმსახურებთ ქებას ოკუპანტებისგან და ეს არც კი გეუხერხულებათ; ისიც არ გეუხერხულებათ, როცა ჩემი მისამართით ოკუპანტი ქვეყნისა და თქვენი წამოძახილები ერთი-ერთში ემთხვევა!

არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ, რამეთუ მგონია, რომ საქართველოს საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რას ვცდილობდი და რა შევძელი, სწორედ იმ ვიწრო უფლებების ჩარჩოში, რათა ჩვენი ქვეყნის მიმართ პატივისცემა, ნდობა და თანამშრომლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან სხვა საფეხურზე ამეყვანა. შედეგი ამ დარგში არ იზომება, არ გულისხმობს მოლაპარაკებებს, მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ მეორე მხარეს ჰქონდეს შენთან ურთიერთობის ინტერესი და სურვილი.

მჯერა, რომ სწორედ მათივე თვალით დანახულმა ჩემმა ძალისხმევამ დაიმსახურა ჩვენი ხალხის ნდობა, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ალბათ ყველაზე მეტად გაღიზიანებთ თქვენ.

დღევანდელი დღის ფარსიდან არაფერს ველოდები.. კარგად ვიცი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სადღაც ზემოთ, პარტიის მაღალ სფეროებში, თუ სადღაც ჩრდილოეთით, სადაც კარგად იციან, თუ ვინ არ გაუხსნის არასოდეს მათ გზას ამ ქვეყანაში და გადაეღობება ყველგან და ყოველთვის.

ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, ამ კენჭისყრის შედეგი – და ესეც თქვენზე კი არაა დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენის შემოერთებას შეძლებთ, ვის კომპრომატით, ვის მოსყიდვით და ვის შვილის დაწინაურებით (აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო საკონსტიტუციოს მოსამართლე კიკილაშვილს შვილის წარმატება!), ან კიდევ სხვისი ბარათის გამოყენებით, რითაც ერთ-ერთი ვეტოს დაძლევაც შეძელით.

ისიც კარგად ვიცი, რომ რაც არ უნდა იყოს კენჭისყრის შედეგი, ამას გამარჯვებად გამოაცხადებთ და ამას ერთი მესიჯბოქსით გააჟღერებთ, მაგრამ იმას რას უზამთ, რომ ხალხს თქვენი აღარ სჯერა?!
მოდელირებული რეალობით ვეღარ ატყუებთ და ყველა ხვდება იმას (და შესაძლოა, თქვენც კი ზოგჯერ), რომ ამ პროცესის დაწყება, როგორც მისი ნებისმიერი შედეგით დასრულება, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სისუსტის და პოლიტიკური წარუმატებლობის უტყუარი ნიშანია. ამას ვერსად გაექცევით!

მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ, დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენს თავს, ქვეყანას, მის ევროპულ მომავალს, და თქვენი ყოველი ხმა არის ხმა მიცემული ამ ჩვენი მომავლის წინააღმდეგ.

არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს თქვე პიროვნულად და კოლექტიურად იღებთ ამ პასუხისმგებლობას. რა სახეს და რა სახელს დატოვებთ ამ ქვეყნის ისტორიაში, წყდება ამ ვითომცდა ,,ჩვეულებრივ სამუშაო სესიაზე“ .
აქ ყოფნა, ამ ფარსში მონაწილეობა, დუმილით თუ სიტყვით გამოსვლით, თავისთავად უკვე თქვენი განაჩენია!

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თქვენი ბედი წყდება, რამეთუ ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში (ხომ არავის გვჯერა, რომ აქ რამე იდეის თუ პრინციპის გამო იბრძვით) გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი. თურმე გეწყინათ, როცა გუშინ პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი.

რას აუხსნით თქვენს შვილებს, იმათ, ვინც ამ ევროპასა და ამერიკაში, მდიდარი მამების სახსრებით თუ სახელმწიფო ბიუჯეტით სწავლობენ, იმათ, ვინც უკვე იქ არჩია ცხოვრება და დაფუძნება? რას ეტყვით იმის დასაცავად, რომ თქვენი ხელით და სხვისი ნებით გადადგით ეს უმსგავსო ნაბიჯი, რომელიც ახალ ჯებირს გვიმართავს ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ესეც არ გამოგივათ, და თუ ეს ნაბიჯი და ჩემი მოშორება იმას ემსახურება რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ, ამასაც არ დაგაშვებინებთ! ამას გპირდებით!

როგორ აუხსნით ხალხს, რომ პროევროპელი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა მიეცით და, ამავდროულად, არ დაუჭირეთ მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელმაც ოკუპანტის რეჟიმი დიქტატორად ცნო. ხელი აგიკანკალდათ, როცა უნდა დაგეგმოთ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოცხადებული ახალი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა.

80 კაცის ბრძოლა ერთი ქალის წინააღმდეგ კი უფრო ადვილი გეჩვენებათ, მაგრამ არ დაიჯეროთ. დღევანდელი დღით არაფერი დამაკლდება, არც ხალხის ნდობა, არც სიყვარული და არც ენერგია გამომეცლება, რათა ის ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო მათთან ერთად, ვისაც სჯერა, სწამს, რომ საქართველოს მომავალი თქვენს ხელში კი არა, მათ ხელშია! და რომ ეს მომავალი განუყოფელია მისი დემოკრატიის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისგან!

დღეს მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს და ეს გეგმა ამ ქვეყნისთვის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს.

ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა თავისი არჩევანი და ამაში დიდი ფასიც გადაიხადა, დღემდე ამ არჩევანის ერთგულია და ყოველ ჯერზე ამტკიცებს და იცავს თავის ევროპულობას. არავინ არ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს ვინმე გადაიყვანს რუსეთის გზაზე და ვინმე უარს ათქმევინებს მის უალტერნატივო მომავალზე.

და სწორედ ამ ტრიბუნიდან და ამ მძიმე დროს, მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მოვუწოდებ, რომ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის მიუხედავად, საქართველო არ უნდა მიატოვოთ, რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება, ამ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიეროს, რბილი ძალის, ირიბი ოკუპაციის გამოყენებით თუ შავი ზღვის დესტაბილიზაციით, მაშინ როდესაც უკრაინაში მარცხდება და ეძებს გზებს სახის გადასარჩენად.

მივმართავ ჩვენს პარტნიორებს,

მე, ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რამეთუ წარმოვადგენ სწორედ ამ ხალხს და მის ისტორიულ არჩევანს. მაშასადამე, მაქვს სრული ლეგიტიმაცია და უფლებამოსილება, მათთან ერთად და მისი სახელით ვითხოვო ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მჯერა, რომ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენი პარტნიორები მხედველობაში მიიღებენ, ერთი მხრივ, ქართველი ხალხის მრავალჯერ დადასტურებულ მისწრაფებას და, მეორე მხრივ, საქართველოსა და ევროპის საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებს.

დაბოლოს, მე დღეს მახსენდება დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალი გზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა.

მისი მრავალი ოპონენტის სახელი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ ცოცხლად ვხედავთ მის აშენებულ ქალაქს, ამოქმედებულ რკინიგზას, აღმართულ ტაძარს და, რაც მთავარია, ჩვენში ჩანერგილ ევროპის იდეას.

მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ, რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო, ამის იმედი ნუ გექნებათ. ვინ უნდა შემიშალოს ხელი, რომ ჩემი დადებული პირობა არ შევასრულო?

ისე, როგორც თავის დროზე გავიყვანე ამ ქვეყნიდან რუსული ბაზები და, სხვათა შორის, მომიწყვეს ასევე სასამართლო, ახლაც ვიქნები ჩემი სიტყვისა და ფიცის ერთგული და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ბოლომდე ვუერთგულებ ევროპისკენ მიმავალ გზაზე!

 

NETGAZETI