ნინოწმინდასა და 3 სოფელში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 42 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

ნინოწმინდასა და 3 სოფელში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 42 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

ქალაქ ნინოწმინდაში 24–საათიანი წყალმომარაგებისთვის, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიდ ხანჩალში, კათნატუსა და ოროჯალარში ახალი სისტემა გაკეთდება. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი 42 488 990 ლარზე გამოაცხადა.

პროექტის დაფინანსება 2023–2028 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება. ქალაქ ნინოწმინდის 24–საათიანი წყალმომარაგების სამუშაოები 2025 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, ხოლო პროექტის დარჩენილი ნაწილი კი 2026 წლის 25 დეკემბრამდე.

პროექტის ავტორების თქმით, არც ერთ დასახლებულ პუნქტში წყლის აბონენტთა აღრიცხვა და დახარჯული წყლის რაოდენობის დათვლა არ ხდება.

„ყველა დასახლებულ პუნქტში წყალსადენის ქსელი მთლიანად ამორტიზებულია. ძალიან ხშირია დაზიანებები და წყლის მიწოდების შეფერხებები. ქსელზე პრაქტიკულად არ არის დამონტაჟებული სახანძრო ჰიდრანტები. ქსელები დაპროექტდა და მოეწყო გასული საუკუნის შუა ხანებში და მას შემდეგ რამდენჯერმე მოხდა მათი გაფართოება – რეკონსტრუქცია. მაგისტრალური წყალსადენების საერთო სიგრძე შეადგენს 64 კმ-ს. წყალსადენის ქსელების სიგრძეები შეადგენს: ქალაქ ნინოწმინდაში 34,3 კმ-ს, სოფელ ოროჯოლარში 4,5 კმ-ს, სოფელ დიდ ხანჩალში 8,2 კმ-ს და სოფელ კათნატუში – 1,6 კმ-ს“,–ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

წყლის სისტემების განახლების გარდა, ქალაქ ნინოწმინდაში კომპანიის ახალი სერვისცენტრიც მოეწყობა.

ტენდერზე წინადადებების მიღება 22–დან 27 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.

SKNEWS