ფსიქოტროპული წამლის ურეცეპტოდ გაყიდვის ბრალდებით რამდენიმე აფთიაქის ხელმძღვანელს ბრალი წარედგინა

ფსიქოტროპული წამლის ურეცეპტოდ გაყიდვის ბრალდებით რამდენიმე აფთიაქის ხელმძღვანელს ბრალი წარედგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის  რეგიონებში გამოავლინეს ათეულობით აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ როგორც სააფთიაქო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ასევე იქ მომუშავე, დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული პირებიც.

ჯამში, სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა 58 ფიზიკური პირისა და 15 იურიდიული პირის მიმართ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით,  მათ ნაწილს  გარკვეული პერიოდით აეკრძალათ ფარმაცევტული საქმიანობა.

აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული პირების დადგენა-მხილების მიზნით.