საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლის ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლიდან მასწავლებლებს ანაზღაურება გაეზრდებათ. მისი თქმით, ხელფასები სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით მოიმატებს.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა პედაგოგების ღვაწლსა და მათ შრომაზე ისაბრა.
“მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდ შრომას ეწევით თქვენ, მასწავლებლები, ყოველდღიურად, ზრუნავთ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების განათლებაზე, მათ აღზრდაზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. ამიტომ ჩვენ, მთავრობას, კარგად გვაქვს გააზრებული ეს დიდი ღვაწლი, რომელსაც თქვენ ეწევით. მიმაჩნია, რომ თქვენი პროფესიის პრესტიჟის ამაღლების კუთხით ჩვენ, მთავრობამ მეტი უნდა გავაკეთოთ“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მან ცერემონიალზე განაცხადა, 2024 წლიდან მასწავლებლებს ანაზღაურება გაეზრდებათ.
„გავაგრძელებთ ზრუნვას პედაგოგებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად და მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან, 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც, სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ბატონი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ძალიან მალე წარმოგიდგენთ კონკრეტულ ხედვას“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.