იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია

იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია

იორდანიამ პროტესტის ნიშნად ისრაელიდან ელჩი გაიწვია. იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით მიიღეს.

იორდანიის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, იზრდება შეშფოთება სიტუაციის შემდგომი ესკალაციის გამო, რაც მათივე შეფასებით, პოტენციურად საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებას და საერთაშორისო მშვიდობას.

იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის საგარეო უწყებას აცნობა, არ დააბრუნოს საკუთარი ელჩი ამანში, რომელმაც იორდანია მანამდე დატოვა. იორდანიის ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა და ექსპატრიანტთა მინისტრის, აიმან საფადის განცხადებით, ელჩების დაბრუნება დამოკიდებულია ღაზაში ომის შეწყვეტაზე და ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებაზე.

1TV