თბილისში ინდოეთის საელჩომ ქვეყნის დამოუკიდებლობის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია გამართა. ღონისძიებას 150-მდე სტუმარი დაესწრო — მათ შორის ინდოეთის დიასპორის წარმომადგენლები, ინდოელი სტუდენტები და საქართველოში ინდოეთის მეგობრები.
ცერემონია ეროვნული სიმღერით „ვანდე მათარამ“ დაიწყო, რომელიც 1875 წელს ბანკიმ ჩანდრა ჩატერჯიმ შექმნა. საქართველოში ინდოეთის ელჩმა, ამიტ კუმარ მიშრამ, აღმართა ინდოეთის დროშა და წაიკითხა ინდოეთის პრეზიდენტის, დრუპადი მურმუს, დამოუკიდებლობის დღის სახალხო მიმართვა.
კულტურული პროგრამის ფარგლებში ქართველმა ქორეოგრაფმა ქრისტინე კაპანაძემ შეასრულა ინდური ბჰარატნატიამი, ხოლო ინდოელმა ქორეოგრაფმა მაჰიკა შრინივასმა — კათაკი, ცეკვით ამბის თხრობის კლასიკური ინდური სტილი. ღონისძიებაზე ასევე გამოვიდა სტუდენტური ჯგუფი Raga Groove.
ცერემონიის ნაწილი იყო ფოტოგამოფენა „ინდოეთი ქართველის თვალით“, რომელიც საელჩომ არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“-თან პარტნიორობით მოაწყო. გამოფენაზე 17 ფოტოგრაფის ნამუშევრებია წარმოდგენილი.
ელჩმა გამოავლინა როგორც ფოტოკონკურსის, ისე ინდოეთის შესახებ ცოდნის კონკურს „ბჰარატ კო ჯანიეს“ გამარჯვებულები და გადასცა მათ პრიზები — ბიჰარის შტატის, მითილას რეგიონის ტრადიციული მადჰუბანის ხელოვნების ნიმუშები. ეს მხატვრული სტილი ინდურ მითოლოგიასა და ყოფას ასახავს და თაობიდან თაობას, დედიდან შვილს გადაეცემა.
სტუმრებმა ფოტოები გადაიღეს კამპანია #HarGharTiranga-ს ფარგლებში მოწყობილ სელფის კუთხეშიც და სურათები კამპანიის პორტალზე ატვირთეს.
ცერემონია ინდოეთის ეროვნული ჰიმნის — „ჯანა განა მანა“ — შესრულებით დასრულდა. ჰიმნის ავტორია რაბინდრანათ თაგორი, რომელმაც იგი 1911 წელს დაწერა.
იმავე დღეს, პარკ „მზიურში“, საელჩომ და არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ საჯარო ფესტივალი „ნამასტე საქართველო“ გამართეს. ღონისძიება ყველასთვის ღია იყო და მოიცავდა ინდოელი და ქართველი ქორეოგრაფების გამოსვლებსა და ინდური სამზარეულოს ფესტივალს.

