ფალსიფიცირებული მედიკამენტები: ევროკავშირი „ალიექსპრესის“ მიმართ გამოძიებას იწყებს

ფალსიფიცირებული მედიკამენტები: ევროკავშირი „ალიექსპრესის“ მიმართ გამოძიებას იწყებს

ჩინურ ინტერნეტ-მაღაზიას ციფრული სერვისების შესახებ ახალი ევროპული რეგულაციების (DSA) შესრულება მოუწევს, რომელიც აგვისტოს ბოლოს შევიდა ძალაში.

ევროკომისიას „ალიექსპრესი“ მიზანში ჰყავს ამოღებული. ორშაბათს, 6 ნოემბერს, ბრიუსელის ხელმძღვანელობამ ჩინური ონლაინ-მაღაზიის მიმართ გამოძიების დაწყების შესახებ გამოაცხადა. საუბარია უკანონო პროდუქციის, კერძოდ, ფალსიფიცირებული მედიკამენტების სავარაუდო გავრცელებაზე.

ევროპულმა ორგანიზაციამ ჩინური გიგანტის, „ალიექსპრესის“ შვილობილ კომპანიას ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოფიციალურად აცნობა, რაც, თავისთავად, სადამსჯელო ზომას არ წარმოადგენს. ეს არის პროცედურის პირველი ეტაპი, რომელსაც შეიძლება დიდი ფინანსური ჯარიმების დაწესება მოჰყვეს, იქიდან გამომდინარე, დადასტურდება თუა არა დარღვევები, და დადასტურების შემთხვევაში – როგორი იყო მათი ხანგრძლივობა.

აგვისტოს ბოლოდან ინტერნეტ-გიგანტებისთვის წესები გამკაცრდა

„ალიექსპრესს“ ციფრული სერვისების შესახებ ახალი ევროპული რეგულაციების დაცვა მოუწევს. მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოდან მკაცრი წესები დაუწესდა 19 უდიდეს ინტერნეტ-მოთამაშეს, რომელთა შორის არიან: X (ყოფილი „ტვიტერი“), „ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“ და „ტიკ-ტოკი“, ასევე ონლაინ საცალო ვაჭრობის გიგანტები, „ამაზონი“ და „ალიბაბა“.

თამაშის ახალი წესები გულისხმობს ვალდებულებას, რომ პლატფორმამ „დაუყოვნებლივ“ იმოქმედოს და მაშინვე წაშალოს ან დაბლოკოს ნებისმიერ უკანონო კონტენტზე წვდომა, როგორც კი მათი არსებობის შესახებ შეიტყობს. ონლაინ გაყიდვების საიტებმა ასევე უნდა გადაამოწმონ გამყიდველების ვინაობა, სანამ მათ პლატფორმაზე დაუშვებენ, აგრეთვე დაბლოკონ თაღლითები კლიენტები. „ალიექსპრეს“ 27 ნოემბრამდე აქვს ვადა, რათა დეტალურად აღწეროს მომხმარებელთა დაცვის მიზნით გატარებული ზომები.

1TV