ერთ თვეში სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოვლინდა

ერთ თვეში სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 82 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 5 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უწყების ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი – 20 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში. მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა 16 სამართალდარღვევა. 15 ფაქტია გამოვლენილი შიდა ქართლში, კახეთში – 7, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც – 7, ქვემო ქართლში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 2, აჭარაშიც – 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 1. ასევე 2 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც – ოქტომბერში, თბილისში, უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს.

“ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური მოწყობილობა და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური მოწყობილობით თევზჭერის 8, სახლართი ტიპის ბადით – 67 და ე.წ. ჩოგან-ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი. ასევე დალუქულია 7 ერთეული გასაბერი ნავი.

მიმდინარე წლის ოქტომბერში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 1 050 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 7 ერთეული თევზმახე ამოიღეს. პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე, ბაზალეთის ტბაზე, ჟინვალის წყალსაცავზე, ასევე მდინარეებზე – მტკვარსა და ჭოროხზე”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

2023 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 696 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 172 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.