იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას, რომლის გათვალისწინებითაც, ზამთარში ე.წ. ზამთრის საბურავებით აღჭურვილი ავტომობილით მგზავრობის ვალდებულება შემოდის.
ზამთრის პერიოდში, 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში (უღელტეხილები, ასევე მაღალმთიანი ტერიტორიები), დაინერგება მოთხოვნა, რომ ავტომობილის ოთხივე ბორბალი აღჭურვილი იყოს ზამთრის საბურავებით. თუ მძღოლი არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, მას ადმინისტრაციული სანქციები დაეკისრება-ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 5 ქულის შემცირება. საბურავების ტექნიკურ პარამეტრებს საქართველოს მთავრობა დაადგენს.
ამასთან დაკავშირებით, ქალაქ ნინოწმინდაში გამოკითხვა ჩავატარეთ და მოსახლეობის აზრი გავარკვიეთ.
ქალაქ ნინოწმინდაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ინიციატივას მოსახლეობა მხარს უჭერს, თუმცა ასევე ხაზს უსვამს შესაძლო ფინანსური ბარიერების გათვალისწინების აუცილებლობას.
მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ზამთარში ზამთრის საბურავების გამოყენება ხელს უშლის მანქანების სრიალს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თოვლისა და ყინულის გზების პირობებში. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ ყველას არ შეუძლია შეიძინოს ახალი ზამთრის საბურავები, რადგან მათი ღირებულება საკმაოდ მაღალია.