განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2023 წლის სექტემბრიდან, 4 000-მდე სტუდენტმა აღიდგინა სტატუსი და დაუბრუნდა სასწავლო პროცესს.
„2023 წლის სექტემბრიდან ასეთი არის 4 000-მდე სტუდენტი, ვინც მყისიერად აღიდგინა სტატუსი და დაუბრუნდა სასწავლო პროცესს. თავისუფალი ნების პირობებში ყველა კერძო უნივერსიტეტს სრულიად ფინანსური გარიგება შევთავაზეთ. ეს პრაქტიკულად მიუღებელი შემოსავალი იყო უნივერსიტეტებისთვის“,– განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მისივე თქმით, 2-3 თვეში ყველა უნივერსიტეტს ჩაერიცხება განსაზღვრული თანხა.
ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო ვერავის დააძალებს პროგრამაში მონაწილეობას, მითუმეტეს კერძო უნივერსიტეტს, რადგან ამის არც სამართლებრივი ბერკეტი არსებობს და არც აკადემიური.
„თავისუფალი ნების პირობებში, ყველა კერძო უნივერსიტეტს სრულიად ფინანსური გარიგება შევთავაზეთ. მხოლოდ ორი უნივერსიტეტი არ შემოუერთდა. არ დავასახელებ ამ უნივერსიტეტების სახელებს, საზოგადოებამ კარგად იცის. რატომ არ შემოუერთდნენ? არ ვიცი. კითხეთ თქვენ. როგორ შეიძლება არ შემოუერთდე ასეთ ინიციატივას, მაშინ როდესაც სახელმწიფო გეუბნება, რომ რაც საბაზრო ღირებულება არის ჩვენ ამ თანხას გადავიხდით და ყველა კერძო უნივერსიტეტი ბოლო თეთრამდე მიიღებს იმ თანხას, 2-3 თვე ავიღეთ ამისთვის და ეტაპობრივად ყველას ჩაერიცხება. ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთო? როგორ შეიძლება დავაძალოთ და დავავალდებულოთ კერძო უნივერსიტეტი?
ცნობისთვის, 2023 წლის 15 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 30–ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს 40 მილიონი ლარის დავალიანება გაუნულდებოდათ.