ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლა CK-12-ის საუკეთესო პრაქტიკის მქონე სკოლების ხუთეულში შევიდა და სპეციალური საჩუქარი, ეკრანი და პროექტორი მიიღო.
2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს მასშტაბით გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც CK-12 პლატფორმის რესურსებისა და პრაქტიკის დანერგვისა და გავრცელების მიზნით 75 სკოლა მონაწილეობდა. აქედან ნინოწმინდის #1 სკოლა ერთადერთი სკოლაა, რომელსაც სომხური ენის სწავლება აქვს და CK-12-ის პრაქტიკა დანერგა.
პლატფორმაზე არსებული რესურსები ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე, რაც რთული იყო სომხურენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის. მათ უნდა გადაეტანათ ეს ელექტრონული რესურსები და მიეწოდებინათ სტუდენტებისთვის.
CK-12-ის პრაქტიკის განხორციელებაში ჩართული იყვნენ მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლები. მათ სკოლაში ამ პრაქტიკის დანერგვის გარდა, სხვა სკოლებსაც დაურიგეს რესურსები და ინფორმაცია CK-12-ის შესახებ.
როგორც ბიოლოგიის მასწავლებელმა, არუსიაკ მღდესიანმა აღნიშნა, მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები და სასწავლო პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო საინტერესო იყო. “პროგრამის ფარგლებში ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილები, რომელიც ვიზუალურ ფორმატში მიმდინარეობდა. პროგრამას ესწრებოდნენ პედაგოგები არუსიაკ მღდესიანი, ნელი პოდოსიანი, სირანუშ ნორსოიანი და სუსანა ამბარიანი.”
საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ს უკვე აქვს 15 წლიანი ისტორია (დაარსდა 2007 წელს), რომლის მიზანია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის უფასო რესურსებზე წვდომის გაფართოება. საგანმანათლებლო პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნები, ადაპტაციური პრაქტიკული სავარჯიშოები და სამეცნიერო სიმულაციები. CK-12 საგანმანათლებლო პლატფორმის განხორციელების ძირითადი მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის ელექტრონულ სახელმძღვანელოებზე წვდომა საბაზისო დონეზე.