ილონ მასკის ხელში შესაძლოა X, იგივე ყოფილი Twitter-ი გაკოტრდეს

ილონ მასკის ხელში შესაძლოა X, იგივე ყოფილი Twitter-ი გაკოტრდეს

2022 წლის 27 ოქტომბერს, მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ილონ მასკმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მსხვილი სოციალური პლატფორმა, Twitter, 44 მილიარდ დოლარად იყიდა. მას შემდეგ კომპანიამ ძალიან ბევრი ცვლილება განიცადა. პირველ რიგში, ახალმა მფლობელმა 8000-მდე თანამშრომელი გაუშვა, რის შემდეგაც შეცვალა დარჩენილ თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკი, თავად პლატფორმას კი ლოგოსთან ერთად სახელიც შეუცვალა, ყველასთვის ცნობილ Twitter-ს კი X დაერქვა.

რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში, ილონ მასკი ამბობდა, რომ თუ ისეთი კორპორაციები, როგორიცაა Disney და Apple თავიანთ პროდუქციას, საბავშვო ფილმებსა და Iphone-ებს X-ზე არეკლამებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ პლატფორმა ყველა ტიპის კომპანიის რეკლამის განსათავსებლად გამოდგებოდა. მაგრამ ამ ინტერვიუდან შვიდი თვის შემდეგ, როდესაც Disney და Apple ბოიკოტის გამოცხადების გამო, აღარ აქვეყნებენ თავიანთ რეკლამას X-ზე, ილონ მასკი Disney-ს აღმასრულებელ დირექტორს, ბობ აიგერს The New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს – „Go F*ck Yourself”.

რა თქმა უნდა, ამგვარი სკანდალი ძალიან ცუდად მოქმედებს როგორც ილონ მასკის, ისე მის მფლობელობაში მყოფ კომპანია X-ის რეპუტაციაზე, რაც კიდევ უფრო მეტ კომპანიას უბიძგებს იმისკენ, რომ მათ შეწყვიტონ საკუთარი რეკლამის პლატფორმაზე განთავსება, რაც ავტომატურად ნიშნავს ფინანსების შემცირებას.

აქედან გამომდინარე, კომპანია, რომელიც გასულ წელს 44 მილიარდ დოლარად გაიყიდა, როგორ წარმოუდგენლადაც არ უნდა ჟღერდეს, შეიძლება გაკოტრდეს.

იმის გასაგებად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია X-ისთვის რეკლამებიდან შემოსული თანხა, უნდა გადავხედოთ გასული წლის სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, X-ის შემოსავლების 90%-ს სწორედ რეკლამებიდან შემოსული თანხა შეადგენდა. თუ 2022 წელს, Twitter-ის სარეკლამო შემოსავალი 4 მილიარდ დოლარს აღწევდა, Insider Intelligence-ის მონაცემებით, წელს ის 1.9 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული. ეს მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, უდიდეს დისკომფორტს და ეკონომიკურ კრიზისს ქმნის კომპანიის შიდა სამზარეულოში.

BBC-ის ინფორმაციით, კომპანიას ძირითადად, ორი სახის ხარჯი აქვს, პირველ რიგში, ხელფასები, რომელსაც იგი დასაქმებულ კადრებს უხდის. იმის მიუხედავად, რომ მასკმა ათასობით თანამშრომელი გაათავისუფლა, მაინც მრავალი კადრისთვის უწევს თანხის გადახდა. ხოლო მეორე სახის ხარჯი მოიცავს იმ სესხებს, რომელიც მასკმა Twitter-ის შესაძენად აიღო. ეს თანხა დაახლოებით, 13 მილიარდ დოლარს შეადგენს. Reuters-ის განცხადებით, კომპანიამ ვალის დასაფარად ყოველ წელს 1.2 მილიარდი დოლარი, ან მეტი უნდა გადაიხადოს პროცენტის სახით.

სწორედ ამიტომ, თუ კომპანიას არ შუძლია სესხის პროცენტის, ან თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა, იგი ნამდვილად შეიძლება, რომ გაკოტრდეს.