ლატვია სამკურნალოდ უფრო მეტ უკრაინელ ჯარისკაცს მიიღებს

ლატვია სამკურნალოდ უფრო მეტ უკრაინელ ჯარისკაცს მიიღებს

სამშაბათს, 18 ივნისს, ლატვიის მთავრობამ სარეაბილიტაციო ცენტრ „იაუნკემერში“დამატებით კიდევ 50 უკრაინელი ჯარისკაცის მიღება დაამტკიცა. ეს არის ოფიციალური რიგის პასუხი უკრაინის თხოვნაზე, რომ ლატვიამ სამედიცინო რეაბილიტაცია უფრო მეტი დაჭრილი მებრძოლისთვის უზრუნველყოს.

უკრაინაში ბოლო ვიზიტის დროს, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ჰოსამა აბუ მერიმ განაცხადა, რომ ლატვიამ გამოსავალი მოძებნა და 50 დაჭრილი ჯარისკაცის რეაბილიტაციისთვის, მიმდინარე წელს, დამატებით 183,9 ათასი ევრო გამოიყოფა.

მინისტრის განმარტებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჯარისკაცებს რეაბილიტაცია ვაივარის ეროვნულ სარეაბილიტაციო ცენტრში უტარდებოდათ, მაგრამ ამ საავადმყოფომ, დაჭრილი მეომრების განთავსების კუთხით, მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია, ამიტომ სხვა ვარიანტები მოიძებნა.

„იაუნკემერის“ ცენტრის მდებარეობა, რომელიც რიგისა და ვაივარის მახლობლად ფუნქციონირებს, საკმაოდ ხელსაყრელია, რადგან დაჭრილებს შეიძლება დასჭირდეთ ტრანსპორტირება ან სხვა სპეციალისტების კონსულტაცია, საჭიროების შემთხვევაში კი „იაუნკემერის“ ექიმებიც მზად იქნებიან დახმარების აღმოსაჩენად.

ვაივარიმ უზრუნველყო მრავალჯერადი და კომბინირებული ფუნქციური დარღვევების მქონე იმ ჯარისკაცების რეაბილიტაცია, რომლებსაც აღენიშნებოდათ ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები, მათ შორის -ზურგის ტვინის დაზიანება, აგრეთვე ჰქონდათ ძვლის რთული მოტეხილობები და ამპუტაცია/პროთეზირება ესაჭიროებოდათ.

წელს ლატვიამ უკვე 116 უკრაინელი ჯარისკაცი მიიღო, ხოლო 2023 წელს – 270.

დაჭრილი უკრაინელი მეომრების სტაციონარული სამედიცინო რეაბილიტაცია ლატვიაში „უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდაჭერის 2024 წლის სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად ხორციელდება.

1TV