ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს – NDI-ს ახალი კვლევა

ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს – NDI-ს ახალი კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამასთან, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს არ აქვს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა.

კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება).  ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევის თანახმად, ფასების ზრდა და ინფლაცია გამოკითხულთა 37%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია, რაც მას და მის ოჯახს აწუხებს. 35%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებია, ხოლო 28%-სთვის – სიღარიბე.

შეკითხვაზე ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი (მაქსიმუმ 3 პასუხის არჩევის შესაძლებლობა), პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ფასების ზრდა/ინფლაცია – 37%.
  • სამუშაო ადგილები – 35%
  • სიღარიბე – 28%
  • ტერიტორიული მთლიანობა – 23%
  • პენსიები – 20%
  • ხელფასები – 17%
  • განათლება – 11%
  • ხელმისაწვდომი ჯანდაცვა – 8%
  • ადამიანის უფლებები – 8%
  • NATO-ში გაწევრიანება – 7%
  • ევროკავშირში გაწევრიანება – 7%
  • სამართლიანი არჩევნები – 6%
  • რუსეთთან ურთიერთობა – 6%
  • სიტყვის თავისუფლება – 5%
  • საკუთრების თავისუფლება – 4%
  • გარემოს დაცვა – 4%
  • კორუფცია – 4%
  • სამართლიანობის აღდგენა – 3%
  • სასამართლო სისტემა – 3%
  • კრიმინალი – 3%
  • სხვა – 3%
  • არ ვიცი – 3%

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები მხარს უჭერენ ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 79% უჭერს მხარს, 11% წინააღმდეგია, ხოლო 8%-ს არ აქვს პასუხი.

ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებამდე ჩატარებული კვლევით, ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად მიიჩნევენ.

JAMNEWS