ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში, გორელოვკაში, ასევე ქალაქ ნინოწმინდაში მრავალფუნქციური ტრენაჟორების დამონტაჟება იგეგმება.
ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟისთვის 2023 წლის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 105 000 ლარი გამოიყო. ტენდერი კომპანია “შპს საქსეს გრუფმა” 99,500 ლარად მოიგო.
ხელშეკრულება ძალაშია 384 დღის განმავლობაში. სამუშაოს დასრულების დრო 8 კვირაა და კომპანიამ მუშაობა უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის განმავლობაში.
ქალაქ ნინოწმინდისთვის გამოყოფილია 35 000 ლარი, სოფელ გორელოვკასთვის – 35 000 ლარი, ხოლო სოფელ ეშტიისთვის – 35 000 ლარი.
რადგან ზამთარია და ცივი ამინდები დაიწყო, გადავწყვიტეთ გაგვერკვია, ჩატარდება თუ არა სამუშაოები წელს. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, ამინდის პირობების გამო, სამუშაოები შეჩერებულია და 2024 წელს გაგრძელდება.