მიმდინარეობს ღამის განათების მოწყობა

მიმდინარეობს ღამის განათების მოწყობა

უკვე ორი დღეა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ღამის განათების დამონტაჟებაზე მუშაობა დაიწყო.

კომპანიის თანამშრომლები ღამის განათების ბოძებს ამონტაჟებენ. როგორც მუშებმა აღნიშნეს, პროექტის თანახმად, უნდა დამონტაჟდეს 500 ახალი სვეტი, რის შემდეგაც დაახლოებით 1000 ნათურა უნდა დამონტაჟდეს ახალ სვეტებზე და ძველებზე, სადაც ნათურები არ არის.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში და თავად ქალაქში გარე განათების მოწყობისთვის 817,936 ლარი გამოიყო. ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ – “შპს ვიდისი”, რომელმაც ქალაქ ნინოწმინდასა და სოფლებში ღამის განათების მოწყობაზე სამუშაოებისთვის 694 000 ლარის ოდენობის თანხა შესთავაზა. 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან და 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით. სავარაუდოდ, 2024 წლის ბიუჯეტიდან 284,616 ლარი გამოიყოფა.

სამუშაო პერიოდი 20 კვირაა. კომპანიამ უნდა დაიწყოს მუშაობის პირველი ეტაპი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის განმავლობაში. პირველ ეტაპზე მუშაობის ხანგრძლივობაა 8 კვირა (შესაძლებელია სამუშაოების ხანგრძლივობის გახანგრძლივება ან შემცირება, რაც დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. სამუშაოების მეორე ეტაპის ათვლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურში წერილობითი შეტყობინების საფუძველზე დაიწყება.

ღამის განათების დამონტაჟების სამუშაოები განხორციელდება ქალაქ ნინოწმინდაში და სოფლებში: განძა, საღამო, ჯიგრაშენი, დილიფი, ყულალისი, დ.გონდრიო, პ. გონდრიო, დ. ხანჩალი, კატნატუ, პ. ხანჩალი, ფოკა, ვლადიმიროვკა, ეშტია, ყაურმა, თორია, უჩმანა, გორელოვკა, სპასოვკა, ორლოვკა, მამწვარა, ხორენია, სათხა, ოროჯალარი, დ. არაქალი, პ. არაქალი, ტამბოვკა, როდიონოვკა (ფარავანი).

კითხვაზე, დროულად დამონტაჟდება თუ არა ბოძები, მუშებმა უპასუხეს, რომ ჯერ ბოძებსა და ნათურებს დაამონტაჟებენ ქალაქ ნინოწმინდაში. თუ ამინდის პირობების გამო, სოფლებში შეიძლება ვერ შეძლონ სამუშაოების დასრულება წელს, მაშინ სამუშაოები გაგრძელდება 2024 წელს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის აპრილში გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (ტენდერის ნომერი: NAT230007637) 12,000 ლარის ოდენობით, – ქ. ნინოწმინდაში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათების LED სანათების გამოყენების მზის პანელების საშუალებით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება თანმდევი ექსპერტირებით. ტენდერში გაიმარჯვა რაფაელ რაისიანის კომპანია 7,760 ლარის შემოთავაზებით.