ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში წელს, როგორც მუნიციპალური ბიუჯეტის, ასევე “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა წყალმომარაგების ხაზის მოსაწყობად და ავზების შესაკეთებლად.
2023 წელს რეგიონული ფონდიდან იგეგმება ახალი წყალმომარაგების ხაზის მოწყობა სოფლებში დ.არაქალი, სათხა, ყაურმა და ჯიგრაშენი – სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად.
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის, ალიკა ქუხილავას თქმით, წელს გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულებულია. სამუშაოების გაგრძელება 2024 წლის აპრილში დაიწყება. უკვე განხორციელდა წყლის მილის ნაწილის გაყვანა საღამოდან დ. არაქალისა და სათხას მიმართულებით, დარჩენილია დაახლოებით ცხრა კილომეტრი და წყალსაცავის მონტაჟი. დამონტაჟდება ტუმბოები და აშენდება წყლის მიმღები, სადაც წყალი გაიფილტრება და მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწევს მომხმარებლამდე. რაც შეეხება სოფლებს ყაურმასა და ჯიგრაშენს, აქ არის დაახლოებით ცხრა კილომეტრიანი პლასტმასის მილის წყალმომარაგების ხაზი. სამუშაოების უმეტესობა უკვე შესრულებულია.
პროექტის განხორციელებისათვის სოფლებში დ. არაქალი, სათხა, ოროჯალარი, ყაურმა და ჯიგრაშენი, გათვალისწინებულია 1,825,091 ლარი, საიდანაც 600,241 ლარი გამოიყოფა 2024 წლის ბიუჯეტიდან. ტენდერი 1,817,791 ლარის ოდენობით კომპანია “ემ-სი გრუფმა” მოიგო.