როდესაც ნაშრომს ხელოვნური ინტელექტი წერს – უნივერსიტეტები გამოსავალს ეძებენ

როდესაც ნაშრომს ხელოვნური ინტელექტი წერს – უნივერსიტეტები გამოსავალს ეძებენ

ხელოვნური ინტელექტი საბაკალავრო ნაშრომს წერს. ეს არ არის მომავალში ჭვრეტა, ეს უკვე დღევანდელობაა. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია, სტუდენტმა კომპიუტერში, ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ჯიპიტ (ChatGPT) ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩაწეროს: „დაწერეთ საბაკალავრო ნაშრომი თანამედროვე ასტრონომიაში ტიხო ბრაჰეს მნიშვნელობაზე“. მოთხოვნის პასუხად, სტუდენტი მიიღებს საბაკალავრო ნაშრომის სათაურს: „ტიხო ბრაჰეს მნიშვნელობა თანამედროვე ასტრონომიაში: საბაკალავრო ნაშრომი“.

საბაკალავრო ნაშრომი ChatGPT- ით სამ დღეში?

ამის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტი ნაშრომის ანოტაციასაც მოგიმზადებთ და მოგაწვდით: „ამ საბაკალავრო ნაშრომში განხილულია დანიელი ასტრონომის, ტიხო ბრაჰეს როლი და მინიშვნელობა თანამედროვე ასტრონომიაში. ტიხო ბრაჰე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XVI საუკუნეში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ციურ სხეულებზე დაკვირვებასა და მათ აღწერაში. ტიხო ბრაჰემ, ვარსკვლავების მდგომარეობის ზუსტი გაზომვით, საფუძველი ჩაეყარა ასტრონომიის შემდგომ განვითარებას“.

როგორ შეიძლება ხრიკების გამოაშკარავება?

ეს სიკეთეა სტუდენტებისთვის, რომლებსაც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დამღლელი დღეების უკან მოტოვება სურთ, მაგრამ ნამდვილი წყევლაა ლექტორებისა და პროფესორებისთვის, ვინც ასეთი ხრიკები არ უნდა დაუშვას. კი ბატონო, არ უნდა დაუშვას, მაგრამ როგორ, რა გზით?

„რა თქმა უნდა, ზოგჯერ ეჭვი მიჩნდება. მაგრამ რა უნდა გავაწყო, თუნდაც ეჭვის საფუძველი მქონდეს? – ამბობს კილის (გერმანია) უნივერსიტეტის ბიზნეს-ინფორმატიკის ფაკულტეტის პროფესორი, დორის ვესელსი, – დღევანდელ სამყაროში ძნელია იმის დამტკიცება, რომ სტუდენტი არ ეშმაკობს და ხრიკებს არ მიმართავს“.

უნივერსიტეტების თავშეკავებული რეაქცია

თუმცა, ეს პრობლემა ვესელსს მხოლოდ პედაგოგიური კუთხით როდი ეხება! ის, ამავე დროს, სამეცნიერო საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ერთ-ერთ ექსპერტადაც მიიჩნევა. დორისისითვის „ძალიან საინტერესოა“ ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტები ხელოვნური ინტელექტის შესწავლას და დანერგვას აგვიანებენ. ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ჯიპიტი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, 2022 წლის ბოლოს ამოქმედდა. ვესელსმა უკვე მაშინ იწინასწარმეტყველა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამყაროში დიდი ცვლილებების ეპოქა იწყებოდა.

მაგრამ ხელოვნური ინტელექტში ხომ სიახლე არაფერია? თარგმნის ინტერნეტ-სერვისები მას უკვე დიდი ხანია იყენებენ, სასწავლო კომპიუტერული მანქანებიც კარგა ხანია არსებობენ. „ყველას, ვინც ამ სფეროს ყურადღებით აკვირდება – ყურადღებით დაკვირვება კი უნივერსიტეტების საქმეა – ადვილად შეეძლო ეს ყველაფერი გაეთვალა“, – ამბობს განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი.

ახლა ყველაზე დიდი თავსატეხი ისაა, როგორ გავარჩიოთ სტუდენტური კვლევითი ნამუშევრები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროდუქტისგან. ბოლო წლებში, პოლიტიკოსები ხშირად ხვდებიან გაზეთების პირველ გვერდებზე გამოტანილ სათაურებში მათი სადოქტორო დისერტაციების პლაგიატის გამო. ამასთან დაკავშირებით, უკვე შეიქმნა კომპიუტერული პროგრამები, რომლებსაც პლაგიატის ამოცნობა ავტომატურად შეუძლიათ.

ტექნიკურ საშუალებებსაც აქვთ თავისი საზღვარი

აქედან გამომდინარე, აზრი აქვს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ტექსტების ამოსაცნობად, ისევ კომპიუტერებს დავეყრდნოთ. ამის არსი იმაში მდგომარეობს, რომ კომპიუტერები, ისევე როგორც ადამიანები, გარკვეული შაბლონების მიხედვით მუშაობენ. გულმოდგინე ანალიზის შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილ სხვადასხვა ტექსტს შორის ძნელად შესამჩნევ მსგავსებებს აუცილებლად მიაგნებთ. ამიტომ, თუ ამ კომპიუტერულ პროგრამებს საკმარისი საკვლევი მასალა ექნებათ, ისინი ხელოვნული ინტელექტის მიერ შექმნილი ტექსტების ამოცნობაში „დაოსტატდებიან“. ანუ, ხელოვნური ინტელექტის დამარცხება მისივე იარაღით არის შესაძლებელი.

ერლანგენის უნივერსიტეტის ნიმუშების ამოცნობის კათედრის პროფესორი, ანდრეას მაიერი ამ მიდგომის სისწორეში დარწმუნებული არ არის. მიუხედავად ამისა, ის არ უარყოფს, რომ ხრიკების გამოვლენის ამ მეთოდმა შეიძლება იმუშაოს, თუმცა იქვე დასძენს, რომ წარმატება მასშტაბური ვერ იქნება: „GPT2-ის ენის მოდელის მიერ გენერირებული ტექსტი შეიძლება შედარებით კარგად კლასიფიცირდეს GPT2 ამომცნობის მიერ, – ამბობს მაიერი, – მაგრამ ხელოვნური ინტელექტის განახლებული GPT3-ის ვერსიისთვის უკვე სხვა ინსტრუმენტი იქნება საჭირო“. ერთი სიტყვით, მაიერი „შეიარაღებაში ერთმანეთის გამოდევნებაზე“ საუბრობს , ვესელსი კი არსებულ მდგომარეობას „კურდღლებისა და ზღარბების სირბილში შეჯიბრს“ ადარებს.

ახალი ტიპების ნაშრომები

ხელოვნური ინტელექტის დემონიზების ნაცვლად, ბევრი ახლა იმაზე ფიქრობს, გაყალბებისა და ხრიკების გამოყენების მცდელობის მიუხედავად, როგორ დაამკვიდრონ უნივერსიტეტებმა წარმატებული მეცნიერული მუშაობის დამამტკიცებელი ახალი ფორმები.

ამ მხრივ, პრაღის ბიზნესის უნივერსიტეტმა ყველას გაასწრო და საბაკალავრო ნაშრომების საერთოდ გაუქმებას აპირებს. მის ნაცვლად, მუშავდება გამოსაშვები გამოცდების ახალი ფორმები, რომლის დროსაც, სტუდენტურ ნაშრომი მისი პრაქტიკული მნიშვნელობის გათვალისწინებით შეფასდება. ამ იდეას ვესელსი მთლიანად უჭერს მხარს. მან ახლახან თავისი ერთ-ერთი სტუდენტის წერილობით ნაშრომს უარყოფითი შეფასება მისცა. ამის საპირწონედ, მან მოაწყო ვერნისაჟი, სადაც სტუდენტების ნამუშევრები მხოლოდ ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში იყო წარმოდგენილი.

ვესელსის მტკიცებით, თანამედროვე საზოგადოებაში წერილობითი ფორმა ისედაც კარგავს თავის მნიშვნელობას და ამიტომ, ყურადღება ახალგაზრდებს შორის ამჟამად დამკვიდრებულ კომუნიკაციის ფორმებზე უნდა გამახვილდეს. ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი მაიერი კი მიიჩნევს, რომ კომპიუტერით გენერირებულ ტექსტებს, უარყოფითის გარდა, შეიძლება დადებითი მხარეც ჰქონდეთ, განსაკუთრებით, – საინჟინრო საქმეში. „ბევრი სტუდენტი ბოლომდე არ არის დარწმუნებული ტექსტების სწორ ფორმულირებაში. ასეთ დროს, ალგორითმებს დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ“.

მოტივაცია, როგორც ხრიკების პროფილაქტიკა

ხელოვნური ინტელექტი ასეთ სტუდენტებს ხრიკებზე უარის თქმაში დაეხმარება, ისევე როგორც ტექსტური პროგრამით მართლწერის შემოწმებაში. ბოლოს და ბოლოს, ინფორმატიკა ხომ იდეების, ცოდნისა და გამოცდილების მეცნიერებაა და აქ ლიტერატურული შემოქმედებების ასპექტების შემოტანა სულაც არ არის აუცილებელი!

ზოგიერთ საგანში ყველაფერი სხვაგვარადაა. პრაქტიკული ამოცანები, რომლებიც ვესელსს სასარგებლოდ მიაჩნია, ზოგიერთ დისციპლინაში რთული დასანერგია: „ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის განკუთვნილი პროგრამების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეალური გამოწვევაა ისეთი ამოცანების შექმნა, რომლებიც ასევე მოტივაციაზე იქნებიან დაფუძნებულნი და ხელოვნური ინტელექტი მათ ავტომატურად ვერ შეასრულებს“, – ამბობს ვესელსი.

„წმინდა ლიტერატურული ნაშრომები მტკივნეული ამოცანაა“, – აღიარებს ის. მიუხედავად ამისა, ვესელსი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ რთულ და პრაქტიკულ დავალებებს შეუძლიათ მისცენ სტუდენტები იმის მოტივაცია, რომ თემაზე დამოუკიდებლად იმუშავონ და თავისი გასაკეთებელი საქმე ხელოვნურ ინტელექტს არ გადააბარონ.

1TV