პატრული გვაჯარიმებს, ქუჩებში პრაქტიკულ სწავლებაზე პრობლემები გვექმნება – ავტოსკოლები

პატრული გვაჯარიმებს, ქუჩებში პრაქტიკულ სწავლებაზე პრობლემები გვექმნება – ავტოსკოლები

ახალციხეში მოქმედი ავტოსკოლების წარმომადგენლების განმარტებით, ქალაქის ქუჩებში პრაქტიკულ სწავლებაზე პრობლემები ექმნებათ. მიზეზი კი შსს–ს მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებაა, უწყებამ ქალაქის ყველა მთავარი ქუჩა, საგამოცდო მარშრუტში შეიტანა, შედეგად ავტოსკოლებს აღარ დაუტოვა სივრცე, სადაც ისინი  მოსწავლეებს მოამზადებენ. მათი თქმით, პრობლემაა საპატრულო პოლიციის გახშირებული ჯარიმებიც, რომლებსაც ინსტრუქტორებს უწერენ. დღემდე, მათ ქალაქის პირობებში სწავლება საკუთარი მართვის უფლების ჩამორთმევის ფასად უჯდებათ.

ავტოსკოლების, „მწვანე შუქი“, „ორი გიო“, და „ვიპ დრაივის“ ხელმძღვანელების განცხადებით, გასული წლის ოქტომბრიდან საპატრულო პოლიცია სასწავლო მანქანებს დღეში რამდენჯერმეც კი აჯარიმებს . თითო შემთხვევაზე, ავტომობილის მესაკუთრეს კუთვნილი 100 ქულიდან 5 ქულა აკლდება, რომლის ამოწურვის შემთხვევაში მძღოლს მართვის უფლება ეზღუდება. მათთვის გაუგებარია, როგორ უნდა ასწავლონ ქალაქის პირობებში მოსწავლეებს მანქანის მართვა, თუკი ქალაქში გადაადგილების ნებას პასუხისმგებელი უწყება არ აძლევს.

„კანონი მიღებულია, რომ ქალაქში სწავლება უნდა იყოს არასაგამოცდო გზებზე. ახალციხის საგამოცდო ცენტრმა კი სრულად აითვისა ქალაქი გამოცდებისთვის. ფაქტობრივად აგვიკრძალეს მუშაობა. ნებისმიერ დარღვევას ხომ აქვს ორი მხარე?! თუ რაიმეს ვარღვევ, მაშინ უნდა მიმითითონ როგორ მოვიქცე. სავარაუდოდ, ვიღაცის კერძო ინტერესებიდან გამომდინარე აიკრძალა სწავლება და ხალხს უსწავლელად სთხოვენ ჩაბარებას. პირველ რიგში, თუ ვინმე ზარალდება ამით, ეს არის მოსახლეობა. როგორ უნდა ჩააბარო იმაში გამოცდა, რასაც არავინ გასწავლის?!“,–აცხადებს ავტოსკოლა „ორი გიოს“ წარმომადგენელი, გიორგი ზარიძე.

მისივე თქმით, ხშირად საპატრულო პოლიცია სწავლების პროცესში აჩერებს მანქანებს, რაც მოსწავლეებში დამატებით სტრესს იწვევს. ის იხსენებს, რომ იყო შემთხვევა, როცა მოსწავლე ამ მიზეზით დაიბნა და საავარიო სიტუაცია შექმნა.

მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილს გახდა. გამოცდის ჩაბარება ახალციხის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთის და ბათუმის მომსახურების სააგენტოებშია შესაძლებელი.

ახალციხეში შერჩეული სამი საგამოცდო მარშრუტი თავდაპირველად 2022 წლის აპრილში გახდა ცნობილი, თუმცა მოგვიანებით, 2023 წლის 4 ივლისს, შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანების საფუძველზე მარშრუტი კვლავ შეიცვალა.

„როცა საპატრულო პოლიციას ვეკითხებით, რომ რატომ გვაჯარიმებენ, პასუხია ასეთია – „რა ვქნათ, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ზეწოლა მოდის ადგილობრივი მომსახურების სააგენტოს მხრიდანო“. როდესაც იღებდნენ კანონს ქალაქის პირობებში მართვაში გამოცდის ჩატარებაზე, მაშინ უნდა მომხდარიყო შეთანხმება და განსაზღვრულიყო რომელი იქნებოდა საგამოცდო და რომელი სასწავლო ქუჩა. თუმცა სავარაუდოდ, კოორდინაციის არ ქონის გამო, ფაქტობრივად მთელი ქალაქი საგამოცდო მარშრუტში მოექცა“,–განმარტავს ავტოსკოლა „ვიპ დრაივის“ ინსტრუქტორი, დიმიტრი ბახტურიძე.

მისი თქმით, იმის გამო, რომ შსს–ს მოსმახურების სააგენტოს საგამოცდო მარშრუტი მთელს ქალაქს ფარავს, აღარ დარჩა ახალციხეში ისეთი ქუჩა, სადაც მოსწავლე სრულად შეძლებს იმ პროგრამის ათვისებას, რომელიც გამოცდის ჩასაბარებლად არის საჭირო.

ამავე აზრს იზიარებს ავტოსკოლა „მწვანე შუქის“ წარმომადგენელი, გიორგი ჯინჭველაძე.

„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საგამოცდო მარშრუტებს ათვისებული აქვს ახალციხეში არსებული ყველა წრიული, შუქნიშანი და ცენტრალური უბანი. მოსწავლემ უნდა ისწავლოს როგორ მართოს ავტომობილი რეგულირებულ და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, წრიული მოძრაობისას, ინტენსიური მოძრაობის დროს, საბავშვო დაწესებულებებთან როგორი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და სხვა. ყველა ეს მონაკვეთი საგამოცდო მარშრუტს აქვს ათვისებული და გამოდის, რომ ალტერნატივა ფიზიკურად აღარ არსებობს ქალაქში. იყო შემთხვევა, როცა დღეში სამი ჯარიმა დაიწერა ჩემს სახელზე.  კანონით ამის უფლება აქვთ, რომ საგამოცდო მარშრუტზე მოძრაობისას დაწერონ ჯარიმა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ალტერნატივა არ გვაქვს, ფაქტობრივად წინააღმდეგობაში მოვდივართ“,–ამბობს ის.

რადგან ავტოსკოლებს ჯარიმის და მართვის უფლების ერთწლიანი შეზღუდვის რისკის ფასად უწევთ გაკვეთილების ჩატარება,  სწავლის საფასურის გაზრდა მოუწიათ.

როგორც ავტოსკოლებში აცხადებენ, მათ არაერთხელ სცადეს პასუხისმგებელ უწყებებში საკითხის მოგვარება, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, ახალციხის მერიამ შეადგინა ალტერნატიული მარშრუტი, თუმცა მომსახურების სააგენტოსთან შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს.

„სიტყვიერი შეთანხმების დონეზე, ირიბად ვიცით, დილის 9–მდე და საღამოს 6 საათის შემდეგ შეიძლება ვამეცადინოთ მოსწავლეები ისე, რომ არ დაგვაჯარიმონ, მაგრამ ამ საათებშიც გვაჩერებენ. ამ საათებში პრობლემა რომ არც შეგვექმნას, ვთქვათ ვიღაც, ბორჯომიდან, ახალქალაქიდან, ადიგენიდან, ნინოწმინდიდან ჩამოდის, დილის 8 საათზე როგორ მოვიდეს სამეცადინოდ, ან საღამოს 6–ის მერე როგორ წავიდეს, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს?!“,–ამბობენ ავტოსკოლებში.

ისინი ამბობენ, რომ სხვა საგამოცდო ქალაქებში, ავტოსკოლებს მსგავსი პრობლემები არ ექმნებათ, რაც აფიქრებინებთ, რომ ახალციხეში შესაძლოა ვინმეს კერძო ინტერესი იკვეთებოდეს.

„გამოსავალს იმაში ვხედავთ, რომ სანამ არ გამოიყოფა ალტერნატიული მარშრუტი, არ შეგვეზღუდოს თუნდაც საგამოცდო მარშრუტზე მოძრაობა, ან ის რაც მერიამ შეადგინა, თუნდაც გამონაკლისის სახით, შეითანხმოს შსს–ს შესაბამისმა დეპარტამენტმა“,–აცხადებენ ისინი.

შსს–ს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული სწავლება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 61–ე მუხლით რეგულირდება. აღნიშნული მუხლის მიხედვით, სასწავლო სვლის განხორციელება დაუშვებელია ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელში, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე, საცხოვრებელ ზონაში, საგზაო ნიშნის მოქმედების ზონასა და საგამოცდო მარშრუტზე.

ამავე მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იმ გზების სია, სადაც სასწავლო სვლის განხორციელება დაუშვებელია.

შსს–ს განცხადებით, სამართალდამცავები 61–ე მუხლით შესაბამისად მოქმედებენ და ინსტრუქტორებს გამოვლენილ დარღვევებზე სწორედ ამ მიზეზით აჯარიმებენ.

ავტოსკოლების პრობლემებთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასაც  დავუკავშირდით. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ საკითხის გადაწყვეტა მათი უფლებამოსილება არ არის, შესაბამისად შსს–ს მომსახურების სააგენტოსთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ.

ჩვენ ასევე ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა მერიას იმ გზების სია შემუშავებული, სადაც სასწავლო სვლის განხორციელება დაუშვებელია, თუმცა ამ ეტაპზე პასუხი ვერ მივიღეთ, პრესამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

სავარაუდოდ აღნიშნული დოკუმენტი დამტკიცებული არ არის, რადგან, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს რომ დოკუმენტი მერიამ უნდა შეიმუშავოს და საკრებულომ დაამტკიცოს. აღნიშნული დოკუმენტი  კი მათ ამ დრომდე არ მიუღიათ.

SKNEWS