კანონი, რომლიც მძღოლს სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვას ავალდებულებს უკვე ამოქმედდა. განსაზღვრული გზის მონაკვეთებზე, ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა კი შეუმცირდება 5 ქულით.
შსს-ს ინფორმაციით, ზამთრის საბურავი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს
- საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.
- საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:
– არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);
– არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);
- საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;
- საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;
- ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა;
- მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.
– თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა;
– თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.
მონაკვეთები სამცხე-ჯავახეთში, სადაც ზამთრის საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე გადაადგილება შეზღუდულია
ბათუმი (ანგისა)-ახალციხე – მონაკვეთი ქედა-ახალციხე – 138 კმ;
ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი – მონაკვეთი ბორჯომი- ახალქალაქი – 82 კმ;
ახალქალაქის შემოსავლელი – მონაკვეთი ახალქალაქი – 2,40 კმ;
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა – მონაკვეთი ფარცხისი (თეთრიწყაროს გადასახვევი)- ნინოწმინდა – 128 კმ;
დაბა ბაკურიანის წრიული – მთლიანად წრიული – 3 კმ;
დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი – სრულად – 2,60 კმ;
ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ქვიშხეთი-ვალე – 86 კმ;
ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ახალციხე- საზღვარი –100 კმ;
ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ახალქალაქი- საზღვარი – 36.50 კმ.
გზების სრული სია იხილეთ ბმულზე.
ცნობისთვის, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა.