აუდიტის სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უხარისხოდ აშენებული ობიექტები გამოავლინა – ღირებულება ₾1 მლნ-ს აღემატება

აუდიტის სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უხარისხოდ აშენებული ობიექტები გამოავლინა – ღირებულება ₾1 მლნ-ს აღემატება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმადაც, ნინოწმინდის მერიამ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ობიექტები ჩაიბარა, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებიდან მალევე დაზიანდა, მუნიციპალიტეტმა კი მათი რეაბილიტაციისთვის შესაბამისი ღონისძიებები არ გაატარა.

კერძოდ, აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, მიმწოდებელმა სამუშაო უნდა შეასრულოს ჯეროვნად, სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო ნორმების დაცვით. სამუშაოს საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა.

აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტმა ობიექტები ჩაიბარა ექსპერტიზის დადებითი დასკვნების საფუძველზე. მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას სამუშაოების ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. შედეგად, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. კერძოდ:

  • 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა 297.1 ათას ლარად შეისყიდა სოფელ პატარა ხანჩალში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები. დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ობიექტი დაზიანებულია.
  • ხარვეზები გამოვლინდა 15 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 924.7 ათასი ლარია. კერძოდ, დაზიანებულია საბავშვო ბაღები, კულტურის სახლები, საგზაო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები
  • მერიის შესაბამის სამსახურს სათანადოდ არ ჩაუტარებია ობიექტების მონიტორინგი, რაც საშუალებას მისცემდა, დროულად გამოეკვლია დაზიანების მიზეზები და მოეთხოვა მათი გამოსწორება. შესაბამისად, მერიამ არ გამოიყენა ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლება და არ უზრუნველყო არსებული დაზიანებების მიმწოდებელი ორგანიზაციების სახსრებით დროული აღმოფხვრა.

აუდიტის დასკვნა: “მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის შესაფერისი პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ მიეღო სათანადო ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, მერიამ ჩაიბარა 1,221.8 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლოატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტმა არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები და არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები”.

ცნობისთვის, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა სულ 138 ხელშეკრულების ფარგლებში შეისყიდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, ღირებულებით − 16 769 600 ლარი.

BMG