6 თებერვალს, დილით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქარბუქი მძვინვარებს, რის გამოც მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა გზა მთლიანად დაკეტილია.
უამინდობამ პრობლემები შეუქმნა არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის გზებს, არამედ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა.
ქარბუქის გამო, ქალაქ ნინოწმინდის ნაწილი და ასევე დილიფის ფიდერი (სოფლები დილიფი, კატნატუ, პ. ხანჩალი და დ. ხანჩალი), ფიდერი გონდურა (დ. გონდრიო,პ. გონდრიო, მამწვარა), ფიდერიგორელოვკა (ჟდანოვაკანი, ეფრემოვკა, სამება, გორელოვკა, სპასოვკა, ორლოვკა), ფიდერი განძა (სოფლები განძა, საღამო), ფარვანის ფიდერი (ეშტია, ტორია, უჩმანა, ყაურმა, ოროჯალარი), – დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.
ენერგო-პრო-ჯორჯიას ნინოწმინდის ფილიალის წარმომადგენლების განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თანამშრომლები პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ვერ ახერხებენ. ქარბუქის ჩაცხრობის შემდეგ ისინი პრობლემის მოგვარებას დაიწყებენ.