ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქარბუქმა არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის სოფლებამდე მისასვლელი გზები გადაკეტა, ნინოწმინდის ქუჩებში მოძრაობა შეაფერხა და ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები შექმნა, არამედ თავად ქალაქში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემებიც გამოიწვია.
ქალაქ ნინოწმინდის ნაწილი დაახლოებით ორი დღის განმავლობაში სასმელი წყლის გარეშე დარჩა. როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ნინოწმინდის დეპარტამენტიდან იუწყებიან, წყალმომარაგების პრობლემების მიზეზები არახელსაყრელი ამინდის პირობები და ელექტროენერგიის ნაკლებობა იყო. კომპანიის თანამშრომლებმა ზოგიერთ სახლს წყალიც კი მიუტანეს. ამ დროისთვის წყალმომარაგების პრობლემა თითქმის მთლიანად მოგვარებულია, როგორც კომპანიიდან იუწყებიან. დარჩენილია მხოლოდ ორი ქუჩა (ერევანიანის ქუჩა და დავით აღმაშენებელი), სადაც ელექტროენერგიის პრობლემების გამო წყალი ჯერ არ არის, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს ვითარებაც დღეს საღამომდე მოგვარდეს.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, ქალაქში წყალმომარაგების მხრივ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.