ნინოწმინდის მერიამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზიას რეკლამაში 115 000 ლარი გადაუხადა

ნინოწმინდის მერიამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზიას რეკლამაში 115 000 ლარი გადაუხადა

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ 115 000 ლარი დახარჯა საკუთარი საქმიანობის რეკლამირებისთვის, აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა, რამდენად აუცილებელი იყო მუნიციპალიტეტის მიერ ზემოაღნიშნული მომსახურების შესყიდვა და იყო თუ არა დახარჯული ფულადი რესურსი მიღებული შედეგის ადეკვატური. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს”.

“2021-2022 წლებში სარეკლამო რგოლების სიუჟეტი, ძირითადად მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შექმნილი საინფორმაციო მასალაა, რომელიც რეკლამას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეულ მომსახურებას. ეს სამუშაოები ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიოტელევიზია ფარვანას“ საკუთარი ინიციატივით შეეძლო გაეშუქებინა, რადგან რეგიონული ტელევიზიები ისედაც გადასცემენ ინფორმაციას მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვადასხვა აქტივობის შესახებ”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა, ტელეკომპანია „ფარვანას“ შენობა, სადაც ოფისი აქვთ განთავსებული, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გადასცა.

„შენობის მეორე სართულზე განთავსებული ფართი იურიდიულ პირს გადაეცა უსასყიდლო უზუფრუქტით 2015 წელს, ხელშეკრულება გაფორმდა კანონმდებლობის არსებითი დარღვევით, კერძოდ: მუნიციპალიტეტს, პირდაპირი განკარგვის წესით, ქონების უსასყიდლოდ გადაცემის უფლება ჰქონდა არაუმეტეს 2 წლის ვადით, ხოლო ხელშეკრულება გაფორმდა 10 წლის ვადით;  ასევე, ხელშეკრულებას ნაცვლად მერისა, ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი − საკრებულოს თავმჯდომარე. შენობის პირველი სართულის დამატებით უზუფრუქტით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება ა(ა)იპ − საზოგადოებრივ ორგანიზაცია რადიოტელევიზია „ფარვანას“ გაუფორმდა 2023 წლის ივნისში, საკითხით აუდიტის ჯგუფის მიერ დაინტერესების შემდეგ, თუმცა საჯარო რეესტრში წარდგენილი ხელშეკრულება დახარვეზდა და სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა“,–ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტი განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაიცვა საკუთარი ინტერესები, კერძოდ: კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, სათანადო რეაგირების გარეშეა დარჩენილი სხვადასხვა არაუფლებამოსილი პირის მიერ მუნიციპალიტეტის ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები; ქონება იურიდიულ პირზე გადაცემულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით.

ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო–ტელევიზია ფარვანა“ ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, კონსტანტინ ვარდანიანს ეკუთვნის. „ფარვანას“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების საეჭვო ფაქტები არაერთხელ მოხვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა––საქართველოს“ კვლევებშიც. ვარდანიანის და მისი ოჯახის ტელე-რადიო კომპანია ნინოწმინდის ტენდერებს, 2013 წლიდან დღემდე, უკონკურენტოდ იგებს. აღნიშნული კომპანიის შესაძლო კორუფციულ შესყიდვებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2020 წლის ივლისშიც წერდა.