‘ლიბერთი ბანკი’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქონებას უნებართვოდ იყენებს – აუდიტი

‘ლიბერთი ბანკი’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქონებას უნებართვოდ იყენებს – აუდიტი

ლიბერთი ბანკი და სხვა არაუფლებამოსილი ფიზიკური და იურიდიული პირები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქონებას უნებართვოდ, სამეწარმეო დანიშნულებით იყენებენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მერიის კონტროლის სუსტ მექნიზმებზე საუბრობს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

სახელმწიფო აუდიტის მიერ შესწავლილი გარემოებებით დადგინდა, რომ „ლიბერთი ბანკს“ ფილიალი სოფელ დიდი ხანჩალის კულტურის სახლში უნებართვოდ აქვს განთავსებული. ბანკის გარდა, ხელშეკრულების გარეშე, უნებართვოდ იყენებენ მუნიციპალურ ქონებას სხვა პირებიც.

„ორ შემთხვევაში ქონებას განკარგავდნენ არაუფლებამოსილი ფიზიკური/იურიდიული პირები და ამ ობიექტებს იყენებდნენ სამეწარმეო დანიშნულებით, კერძოდ: ქ. ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია 7 გადახდის და 1 სათამაშო აპარატი“,–წერს აუდიტის სამსახური.

აუდიტის სამსახურის განმარტებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქონება მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით არის გადაცემული ა(ა)იპ − საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია „ფარვანასთვის“, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, კონსტანტინ ვარდანიანს ეკუთვნის.

„შენობის მეორე სართულზე განთავსებული ფართი იურიდიულ პირს გადაეცა უსასყიდლო უზუფრუქტით 2015 წელს, ხელშეკრულება გაფორმდა კანონმდებლობის არსებითი დარღვევით, კერძოდ: მუნიციპალიტეტს, პირდაპირი განკარგვის წესით, ქონების უსასყიდლოდ გადაცემის უფლება ჰქონდა არაუმეტეს 2 წლის ვადით, ხოლო ხელშეკრულება გაფორმდა 10 წლის ვადით;  ასევე, ხელშეკრულებას ნაცვლად მერისა, ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი − საკრებულოს თავმჯდომარე. შენობის პირველი სართულის დამატებით უზუფრუქტით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება ა(ა)იპ − საზოგადოებრივ ორგანიზაცია რადიოტელევიზია „ფარვანას“ გაუფორმდა 2023 წლის ივნისში, საკითხით აუდიტის ჯგუფის მიერ დაინტერესების შემდეგ, თუმცა საჯარო რეესტრში წარდგენილი ხელშეკრულება დახარვეზდა და სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა“,–ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტი განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაიცვა საკუთარი ინტერესები, კერძოდ: კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, სათანადო რეაგირების გარეშეა დარჩენილი სხვადასხვა არაუფლებამოსილი პირის მიერ მუნიციპალიტეტის ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები; ქონება იურიდიულ პირზე გადაცემულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით.