5 თვეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 3 533 მძღოლი დააჯარიმა

5 თვეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 3 533 მძღოლი დააჯარიმა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის  4 სექტემბრიდან 2024 წლის 4 თებერვლის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 3 533 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 1 614 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე; 769 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 646 – ბათუმში, 504 კი – ქალაქ რუსთავში.

3 533 საჯარიმო ქვითრიდან 3 030 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა; 503 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2 033 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1 297 – მიკროავტობუსის, 202 – სატვირთო ავტომობილის, 1 კი,  ავტობუსის მძღოლის სახელზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1 500 და 3 000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში,  სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა, 20%-ით შეუმცირდება.

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის – www.videos.police.ge საშუალებით.