20 წლიანი გამოცდილების მქონე, ქართული ენის მასწავლებელი, მაკა ანთაძე საკუთარი პროფესიისადმი სიყვარულის და თავდადების საუკეთესო მაგალითია მაშინაც კი, როცა უამრავი დაბრკოლება ხვდება ადამიანს პროფესიულ განვითარებაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ, 1999 წელს მაკა ანთაძემ ჩააბარა ახალციხის უნივერსიტეტში (ყოფილი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი). პროფესიად არჩეული ჰქონდა სომხური ენის სპეციალობა უცხო ენების ფაკულტეტზე, დამთავრების შემდეგ კი მაკას მიენიჭა სომხური და ქართული ენის მასწავლებლის კვალიფიკაცია, თუმცა სომხური ენის მასწავლებლით არ უმუშავია და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის სფეროში განვითარდა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაკა ანთაძე ჩამოვიდა ნინოწმიდნის მუნიციპალიტეტში და განძის #1 საჯარო სკოლაში დაიწყო ქართული ენის მასწავლებლად მუშაობა და უკვე 20 წელია ასწავლის და ღზრდის თაობებს. დაწყებით ეტაპზე მაკას ძალიან ბევვრი დაბრკოლება შეხვდა კარიერულ გზაზე; ბევრი სტერეოტიპი, სასტიკი კლიმატური პირობები და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არარსებობა.
მიუხედავად ამ სირთულეებისა, მაკა არასდროს დანებებულა და ბავშებისადმი სიყვარულით შეძლო პროფესიული განვითარება, წინსვლა და საყვარელი საქმის შენარჩუნება. ერთ-ერთი სერიოზული დაბრკოლება მაკას გზაზე იყო სტერიოტიპების გადალახვა: “ისეთი ცუდი პერიოდი მახსოვს, საღამოობით მაღაზიაშიც ვერ გავდიოდით, იმიტომ რომ ცუდ ტონად აღიქვამდა მოსახლეობა… ისეთი წლები მაქვს განძაში გადატანილი… საღამოობით რამდენჯერ შეგვაშინეს, ფანჯარა ჩაგვიმტრიეს, ქვები გვესროლეს.” – იხსენებს მაკა.
მაკა ამბობს, რომ მოსწავლეებს ძალიან უყვართ მისი საგანი. იყო პერიოდი, როდესაც მოსწავლეები ერევანში მიდიოდნენ სასწავლებლად. მაკამ საკუთარი შრომით შეაყვარა ბავშვებს ქართული ენა. მან მოახერხა საქართველოში განათლების მიღების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. მაკა ამბობს, რომ საჭირო იყო მისი დარჩენა განძაში და მუშაობის გაგრძელება ბავშვებთან.
“წასვლას რომ ვაპირებდი, ბავშვების გამო სულ ვიძახდი კიდევ ერთი წელიო, კიდევ ერთი წელიო და ზუსტად 20 წელი გავიდა. ახლა ვერც წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა სფეროში, იმხელა რესურსი ჩავდე, განვვითარდი პროფესიულად და მენანება ამ საქმის დატოვება და სხვა სფეროში მუშაობა.” – ამბობს მაკა.
მაკა გვიყვება, რომ დღეისთვის ქართული ენის მიმართ მიდგომა და მონდომება ბავშვებში და მშობლებში შეცვლილია უკეთესისკენ და ძალიან დიდი განსხვავებაა ამ 20 წლის თავზე. თუ ადრე მშობლებს არ უნდოდათ, რომ ბავშვს ესწავლა ქართული, – ამჟამად პირიქითაა და საზოგადოება ხედავს ქართული ენის შესაწავლისა და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხს. ამჟამად მაკა ანთაძე ასწავლის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელია სსიპ-ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის #1 საჯარო სკოლაში 2003 წლიდან.