ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან
სოფელი ვლადიმიროვკა ნინოწმინდის იმ სოფელთა ჩამონათვალშია, სადაც დღემდე არ არის მოასფალტებული გზა. ამ სოფლამდე მიმავალი გზა საჭიროებს მოასფალტებას, რომ სოფლის მოსახლეობამ შეძლოს სრულყოფილი კომუნიკაცია როგორც მუნიციპალიტეტთან, ასევე სოფლის თემთან.
2023 წლის 29 დეკემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (ტენდერის ნომერი: NAT230027460) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ფოკა-ვლადიმიროვკის გზის მოასფალტებაზე 2 372 400 ლარის ღირებულებით.
გუშინ, 29 თებერვალს, დაიდო ხელშეკრულება ნინოწმინდის მერიასა და კომპანია “ჯავახავტოგზას” შორის ფოკა-ვლადმიროვკის გზის მოასფალტებაზე. ტრადიციულად, ტენდერში მხოლოდ კომპანია “ჯავახავტოგზა” მონაწილეობდა და უკონკურენტოდ მოიგო ტენდერი 2 202 000 ლარის შემოთავაზებით.
პროექტის მიხედვით, უნდა მოასფალტდეს 2 650 მეტრის სიგრძის გზა სოფელ ფოკიდან სოფელ ვლადიმიროვკამდე.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ფოკას ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის, ლალი ფნჯოიანის მიერ ჩატარებული საადვოკატო პროგრამის ფარგლებში, კვლევების დროს გაირკვა, რომ სოფელ ვლადიმიროვკას მაცხოვრებლებისთვის მთავარი პრობლემა სოფლისკენ მიმავალი გზის სავალალო მდგომარეობაა. სოფელ ვლადიმიროვკის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ეს გზა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აკავშირებს სოფელ ვლადიმიროვკას თემის ცენტრთან, – სოფელ ფოკასთან. ვლადიმიროვკის ერთ-ერთი მკიდრის, სვეტლანას თქმით: “ჩვენს სოფელში არ არის მაღაზია, ამიტომ ჩვენ გვიწევს სოფელ ფოკაში ჩასვლა. გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ნახევარი საათი გვჭირდება, რომ ფოკაში ჩავიდეთ, მანქანები კი ფუჭდება. ვფიქრობ, 21-ე საუკენეში ასეთი გზა – არაადამიანურია”.
ამასთან ერთად, ვლადიმიროვკის სხვა მაცხოვრებლები გამოკვეთავენ გზასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემას, – მანქანების მდგომარეობა. ვინაირად გზა ცუდ მდგომარეობაშია, მანქანები მალე ფუჭდება და მწვავედ დგას მანქანების ტექდათვალიერების პრობლემა. პირობების არარსებობის გამო, ადამიანები იძულებულნი არიან დატოვონ მშობლიური სოფელი და სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად.