ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 300–მდე ჰექტარი მიწის ნაკვეთი ერთ დღეში, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ. გადაცემიდან მალევე, მიწების ნაწილი ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებზე გაასხვისეს, ნაწილი კი გააჩუქეს. ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე 500 ჰექტარ მიწას, იჯარის ხელშეკრულებით წლებია იყენებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიც. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ–ერთია საქართველოში, სადაც დემოგრაფიული ვითარება გაუმჯობესების ნაცვლად, კრიტიკულად იცვლება წლების განმავლობაში. საქსტატის მონაცემებით, 2001 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 20 900 ადამიანით შემცირდა. მოსახლეობის რაოდენობის კლება შესამჩნევად 2014 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ ტენდენცია მუდმივად ნეგატიურია.
„სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ნოემბრის მონაცემებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2 554 სოციალურად დაუცველი ცხოვრობს, მათ შორის 1 297 პირი 16 წლამდე ასაკისაა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მკაცრი კლიმატით გამოირჩევა. აქ წელიწადის სულ მცირე ექვსი თვე სიცივეა. ზაფხულის ცხელი დღეების სიმცირის გამო, ადგილობრივებს მხოლოდ კარტოფილის და მარცვლეულის მოყვანა შეუძლიათ. ერთ–ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო მესაქონლეობაა, თუმცა ბოლო წლებში საძოვრების შემცირების გამო, პირუტყვის შენახვას ვეღარ ახერხებენ.
სწორედ ამიტომ, ახალქალაქელებს ემიგრაციაში (როგორც ადგილობრივები ეძახიან „ხოპანში“), ძირითადად რუსეთში უწევთ წასვლა.
სოფელ ჩამძვრალას მკვიდრი, არმენ სეროფიანი რუსეთში „ხოპანზე“ 30 წელია დადის.
„საძოვარი რომ იყოს, შევინახავდით საქონელს. ადრე 200–მდე სული პირუტყვი იყო სოფელში, წელს დაახლოებით 80–მდე დარჩა. გაზაფხულზე 5–10 ცალს მაინც გაყიდიან. ასე, ნელ–ნელა მცირდება. არასამართლიანია, როცა სხვა, ვინც აქ არ ცხოვრობს ამხელა მიწები აქვს, მე აქ ვცხოვრობ და არ მაქვს. ამის გამო ოჯახის სარჩენად უკვე 30 წელია რუსეთში მიწევს სიარული. მე რომ საშუალება მქონდეს 10 ჰექტრამდე მიწის დამუშავების, აღარ წავალ რუსეთში და ვიქნები აქ. აღარ მომიწევს ოჯახის დიდი ხნით დატოვება. ადრე, ვინც მოასწრო პირობითად 30 ჰექტარი აიღო, ზოგმა მიისაკუთრა და პრივატიზება მოახდინა. თავის დროზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო მიწები და ასე აღარ იქნებოდა“,–ამბობს ის.
საძოვრების პრობლემა დგას სოფელ სულდაშიც, სადაც ამბობენ, რომ წლებთან ერთად უფრო რთულდება მესაქონლეობით ოჯახის რჩენა.
„საძოვარი კი გვაქვს, მაგრამ სხვა რეგიონებიდან ჩამოსულები იყენებენ. ჩვენ აღარ გვყოფნის. იმათ რა საქმე აქვთ ჩვენთან?! ადრე მარტივი იყო საქონლის საძოვრად წაყვანა, ახლა სადაც არ უნდა წაიყვანო, მაშინვე გაჩნდება ვიღაც და გეტყვის ეს ჩემი საკუთრებაა და აქ ნუ აძოვებო. აბა სად წავიყვანოთ?!“,–ამბობს ჯანიბეკ პეტროსიანი.
ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები და მათი მიწები
2012 წლის 10 აპრილს, ნინოწმინდის გამგეობის კულტურის სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, გიორგი ზმოიანის და ახალქალაქის საკრებულოს კომისიის თამჯდომარის, რობიზონ ყავრელიშვილის ახლად დაფუძნებულმა ა(ა)იპ „ჯავახეთის სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და განვითარების ასოციაციამ“ სახელმწიფოს საკუთრებში არსებული 283.5 ჰექტარი მიწა ერთ ლარად მიიღო.
2012 წლის 3 აპრილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის ვალდებულება მხოლოდ ერთი ლარის გადახდა იყო.
ა(ა)იპ „ჯავახეთის სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და განვითარების ასოციაცია“ გიორგი ზმოიანმა და რობიზონ ყავრელიშვილთან ერთად 2011 წლის 7 ნოემბერს დააფუძნა.
დეკლარაციის მიხედვით, რობიზონ ყავრელიშვილი 2011–2018 წლებში ახალქალაქის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. რაც შეეხება გიორგი ზმოიანს, იგი 2010–2014 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსად მუშაობდა, მომდევნო წლებში კი საკრებულოში „ოცნების“ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. პარალელურად, ამავე მუნიციპალიტეტში, პარტიის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.
საჯარო რეესტრზე არსებული ინფორმაციით, ამჟამად, ორივე მათგანი ასოციაციის დირექტორია. ინტერნეტში ორგანიზაციის საქმიანობის ან აქტივობის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა რეესტრის მონაცემებით, ასოციაციას ამჟამად პასიური სტატუსი აქვს, რაც ნიშნავს, რომ სულ მცირე ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციას ოფიციალურად არ უმუშავია.
თანამდებობის პირის დეკლარაციას რობიზონ ყავრელიშვილი 2012 წლიდან 2018 წლამდე, გიორგი ზმოიანი კი 2014 წლიდან დღემდე ავსებს. არც ერთ მათგანს არ აქვს ნახსენები დეკლარაციაში, რომ (ა)იპ „ჯავახეთის სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და განვითარების ასოციაციის“ დირექტორის პოზიციებს იკავებდნენ.
“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე–13 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში, ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში.
მიწების ასოციაციის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესში, დოკუმენტების ნაწილს ხელს გაგიკ კარსლიანი აწერს. იგი წარსულში, ნინოწმინდაში მიწების გასხვისების სხვა საქმეზე ქრთამის აღებასა და დოკუმენტების გაყალბებაშია ბრალდებული.
გაგიკ კარსლიანი 2012 წელს საჯარო რეესტრის ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. 2013-2017 წლებში კი ნინოწმინდის გამგებელი იყო. „სამხრეთის კარიბჭეს“ რესპონდენტებს თქმით, კარსლიანი მიწების რეგისტრაციისთვის აზომვით სამუშაოებს ჯერ კიდევ 2002 წელს ასრულებდა.
გაგიკ კარსლიანის თანამდებობაზე ყოფნის დროს, მის სავარაუდო დანაშაულებზე გამოძიება არაერთხელ დაიწყო. მაგალითად, 2015 წელს, მოქალაქეებმა მას პროკურატურაში სამსახურეობრივი გულგრილობისთვის უჩივლეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342–ე მუხლით დაიწყო. 2021 წელს კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მას ქრთამის აღებას, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებასა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, გაგიკ კარსლიანმა მოქალაქეებს დაუმზადა ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც ნინოწმინდაში მდებარე ცენტრალურ პარკსა და ყოფილი მანქანათ-მშენებლობის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები (712კვ.მ) მოტყუებით დაირეგისტრირეს.
რამდენ საქმეს განიხილავს ახალციხის რაიონული სასამართლო გაგიკ კარსლიანთან დაკავშირებით, ჩვენთვის უცნობია. საკითხზე 2023 წლის 21 ნოემბერს მიღებული წერილით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
სასამართლოში გვითხრეს, რომ ჩვენს მიერ მოთხოვილი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით, „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს“ განეკუთვნება, რის გამოც ვერ მოგვაწვდიან.
როგორ გადაეცა ასოციაციას სახელმწიფო მიწები ერთ ლარად
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მდებარე 13 მიწის ნაკვეთი (ჯამში 283,5 ჰექტარი), რომელიც მოგვიანებით ასოციაციას ერთ ლარად გადასცა, 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში ოფიციალურად დაარეგისტრირა.
დარეგისტრირებიდან 5 თვეში სახელმწიფომ აღნიშნული მიწები „ჯავახეთის სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და განვითარების ასოციაციას“, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, 2012 წლის 23 მარტს მიღებული N23/03/07 განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიყიდა.
რა ინტერესი ჰქონდა სახელმწიფოს, როდესაც ახლადშექმნილ, გამოცდილების არ მქონე ასოციაციას მიწის ნაკვეთების დიდ ფართობს ერთ ლარად „ჩუქნიდა“, ჩვენთვის უცნობია. წესდების მიხედვით, ა(ა)იპ „ჯავახეთის სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და განვითარების ასოციაციას“ სასოფლო–სარეკომენდაციო ცენტრები უნდა შეექმნა, უნდა ემუშავა თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე ადგილობრივ ფერმერულ მეურნეობებში, გადაემზადებინა კადრები, შეექმნა ვეტერინარულ–საკონსულტაციო პუნქტები და სათესლე–საცდელი მეურნეობები, ასევე სანაშენე რეპროდუქციული ცენტრები და სხვა.
ხსენებული გეგმების მიუხედავად, ასოციაციამ მიწების ნაწილი გაყიდა, ნაწილი კი გააჩუქა.
ამ ყველაფრის ფონზე, რობიზონ ყავრელიშვილი ირწმუნება, რომ ასოციაცია მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დააფუძნეს. გიორგი ზმოიანი კი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ ასოციაციის მიწების გაყიდვის ფაქტი არ ახსენდება, რადგან 2012 წლიდან მიწებთან შეხება აღარ ჰქონია.
„არ ვარ მე ის ადამიანი, რომ სახელმწიფოს რაიმე დავუმალო. ყველა გლეხს არ შეეძლო სახელმწიფოსგან მიწა მიეღო. შევქმენით ასოციაცია და მივმართეთ სახელმწიფოს. ასოციაციის სახელზე კი არის დღეს მიწები, მაგრამ თავად მოსახლეობა სარგებლობს. რაც შეეხება ასოციაციას შემოსავალს, თუ, რამდენი წაგება და რამდენი მოგება ჰქონდა ორგანიზაციას, ეს ჟურნალისტიკის საქმე არ არის“,–აცხადებს რობიზონ ყავრელიშვილი.
ასოციაციის შექმნის მიზეზად ადგილობრივების ხელშეწყობას ასახელებს გიორგი ზმოიანიც: „იმ პერიოდში ფერმერული მეურნეობები იყო, თუ ვინმე მოგვმართავდა და აწყობდა, მივცემდით ამ მიწებს… ეს არის ასოციაციის მიწები. პირადად ჩვენ არ ვიყენებთ და მოსახლეობა იყენებს. ქვიანი მიწებია და ზოგს შეიძლება სათიბად დასჭირდეს“.
რაც შეეხება ასოციაციის დირექტორობას, იგი ამბობს, რომ შეცდომაა: „შეიძლება საჯარო რეესტრზეც დაშვებული იყოს რაღაც შეცდომა, რადგან მე უბრალოდ წევრი ვარ, არ მგონია რომ დირექტორად ვირიცხებოდე. რეესტრში მივალ და ვნახავ, მე რატომ ვფიგურირებ. დირექტორი რომ ვიყო, ავსახავდი ჩემს მიერ შევსებულ დეკლარაციაშიც. დაზუსტება სჭირდება ამ საკითხს“,–ამბობს იგი.
ვის მიყიდა ასოციაციამ მიწები
ასოციაციამ მიწების გასხვისება, სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიღებიდან (1 ლარი) 6 თვეში დაიწყო.
მხოლოდ 2012 წლის სექტემბერ–ოქტომბერში, ორგანიზაციამ ჯამში 117 ჰექტარი ფართობის ოთხი მიწის ნაკვეთი ოთხ სხვადასხვა პირზე გააჩუქა. ამავე პერიოდში გაყიდა 12,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.
საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციით, ერთ–ერთი, ვისაც ასოციაციამ მიწა აჩუქა, სოფელ აზავრეთში მცხოვრები ალბერტ მანუკიანია. 50 ჰექტარი მას აზავრეთის მეზობლად, სოფელ გოკიოს ტერიტორიაზე გადაეცა.
„ეს მიწები თუშეთიდან წამოსულ მეცხვარეებს უნდა აეღოთ. ჩვენმა დეპუტატმა მითხრა მაშინ წამოდი, ეს მიწა შენს სახელზე გავაფორმოთ თუშებმა რომ არ აიღონო, გავაფორმეთ ასე. სოფლის ხალხის მიწები იყო თავიდანვე და სულ განაწილებულია მათზე. ზოგს რამდენი მეასედი აქვს, ზოგს რამდენი, ოჯახების სიდიდის მიხედვით. თვითონ იყენებენ, მე შეხება არ მაქვს. ადრე თიბავდნენ ხოლმე, მაგრამ ზოგმა მოხნა მიწა და ახლა თესავენ. რახან დიდი მიწაა, ამაზე საშემოსავლოსაც იხდის ყველა“,–აცხადებს იგი.
ჩვენთვის გაუგებარია რატომ გახდა საჭირო ალბერტ მანუკიანისთვის მიწის გადაცემა, მაშინ როცა ტერიტორია ასოციაციის საკუთრება იყო და მათი თანხმობის გარეშე, ისედაც ვერ დაეპატრონებოდა სხვა. ამ საკითხზე პასუხი მანუკიანისგან ვერ მივიღეთ.
ასევე გაუგებარია, რატომ აჩუქა ასოციაციამ სოფელ დადეშში მცხოვრებ ლოვიკ ჰარუთიუნიანს 7 ჰექტარი. ადგილობრივებს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ჰარუთიუნიანი კი “სამხრეთის კარიბჭესთან” ამბობს, რომ „რობიზონ ყავრელიშვილთან და გიორგი ზმოიანთან რაიმე შეხება არ მაქვს”.
„მაშინ, მინდოდა, რომ ფერმერი გავმხდარიყავი და მჭირდებოდა მიწა, რომ საქონელი მეძოვებინა. რობიზონ ყავრელიშვილთან და გიორგი ზმოიანთან რაიმე შეხება არ მაქვს. მოვიდნენ, გაზომეს და მომცეს. ეს მიწა ისეთ ადგილზეა, რომ არავის უშლის ხელს. უთანხმოებაც არავისთან მქონია, არავის უთქვამს, რომ ჩემიაო… ეს მიწა გადმოცემის შემდეგ ფაქტობრივად არ გამომიყენებია, არც დამუშავებული არაა და არც დათესილი. ჩვენი სოფლის ნახირი დადის ხოლმე იქ საძოვრად“,–ამბობს ლოვიკ ჰარუთიუნიანი.
„სამხრეთის კარიბჭე“ შეეცადა სოფელ დილისკაში, არშაკ გოგორიანთან გასაუბრებას, რომელსაც 50 ჰექტარი აჩუქეს, თუმცა იგი ადგილზე არ დაგვხვდა. სოფლის ცენტრში შეკრებილი ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწის შესახებ არაფერი სმენიათ.
საცხოვრებელ მისამართზე არ დაგვხვდა და ვერ შევძელით გასაუბრება გრიგორ მანველიანთანაც, რომელსაც ასოციაციამ 10 ჰექტარი მიწა გადასცა.
რაც შეეხება მიწების გაყიდვის საკითხს, ასოციაციამ 2014 წელს 8 ჰექტარი მიწა, გარიგების საფუძველზე, ნინოწმინდის სოფელ მამზარაში მცხოვრებ ვარტ მანუკიანს მიყიდეს.
გიორგი ზმოიანის უარყოფის მიუხედავად [იგი ამტკიცებს, რომ 2012 წლიდან მიწებთან შეხება აღარ ჰქონია] სწორედ ის აწერს ხელს დამოწმებული თანხმობის დოკუმენტს , რომლის წარდგენაც, საჯარო რეესრტმა, მიწის რეგისტრაციის დროს მოითხოვა. ზმოიანი ამ პერიოდში ასოციაციის გამგეობის წევრი და ნინოწმინდის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი იყო.
კიდევ ერთი სოლიდური მიწის ფართობი (61,6 ჰა), 2016 წლის 5 თებერვალს ასოციაციამ კოოპერატივ „წუნდას“ მიჰყიდა, რომლის თავმჯდომარეც ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი ლევან ბერიძეა.
ბერიძეს, როგორც ფიზიკურ პირს, 2011 წლიდან დღემდე, სულ მცირე 93 000 ლარის ღირებულების 119 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული.
მოგვიანებით ლევან ბერიძემ ახალქალაქის მერიიდან წამოსულ თანამდებობის პრებთან ერთად შპს „სამცხე-ჯავახეთის საფინანსო-საინჟინრო მომსახურების ცენტრი“ დააფუძნა, რომლის 25%–იანი წილის მფლობელია.
„სამცხე-ჯავახეთის საფინანსო-საინჟინრო მომსახურების ცენტრი“ 2019 წლის 18 ივნისს დარეგისტრირდა. 2019–2023 წლებში აღნიშნულ შპს–ს 106 გამარტივებული შესყიდვით 101 768 ლარი აქვს მიღებული.
ამავე კომპანიაში, წილის 25% მფლობელი და ლევან ბერიძის პარტნიორია აშოტ ისპირიანი, რომელიც 2013 წლიდან 2019 წლის 7 მაისამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსი იყო. ამავე კომპანიის დირექტორს, ალბერტ ნახატაკიანს, როგორც ფიზიკურ პირს, 2013–2014 წლებში 22 გამარტივებული შესყიდვით 20 854 ლარი აქვს მიღებული. ალბერტ ნახატაკიანი 2014 წლიდან 2019 წლის 5 მაისამდე, ახალქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს და ინფრასტრუქტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ისპირიანმა და ნახატაკიანმა სამსახურები ერთ დღეს დატოვეს.
ამავე კომპანიის 25%–იან წილს ფლობს ოგანეს კარაპეტიანიც, რომელიც 2013–2017 წლებში ახალქალაქის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
კოოპერატივმა „წუნდამ“, 2019–2020 წლებში ასოციაციისგან შეძენილი მიწის აუქციონის წესით გაყიდვა ოთხჯერ სცადა. ფასი 160–184 ათას ლარში მერყეობდა. აღნიშნული გვაძლევს ეჭვის საფუძველს, რომ დაახლოებით ამდენივე იქნებოდა მიწის საბაზრო ფასი მაშინ, როდესაც „ჯავახეთის სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის და განვითარების ასოციაციამ“ კოოპერატივს მიყიდა.
საგარეჯოს მერის მიწა
სოფელი სულდის მეზობლად, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე, თურქეთთან სასაზღვრო ზოლში, 500 ჰექტარი მიწა იჯარით აქვს გადაცემული კახეთის რეგიონში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოქმედ მერს, ავთანდილ გულიკაშვილს. მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, იგი 500 ჰექტარ მიწის ნაკვეთში იჯარის საფასურს 9 000 ლარს იხდის. იჯარის ხელშეკრულება მან სახელმწიფოსთან 2019 წელს გააფორმა. ავთანდილ გულიკაშვილი ამ მიწას ფლობდა ხუთწლიანი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე 2014–2019 წლებშიც.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერი მიწას საქონლის საძოვრად იყენებს.
ავთანდილ გულიკაშვილი 2012 წლის არჩევნებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველი იყო, არჩევნების შემდეგ კი იგი ჯერ „ქართული ოცნების“, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი სალომე ზურაბიშვილის შემწირველი გახდა. 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მას „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 110 000 ლარი, სალომე ზურაბიშვილისთვის კი ერთჯერადად 60 000 ლარი აქვს შეწირული.
სახელმწიფო ა(ა)იპ–ის მიწები
ახალქალაქში 200 ჰექტარზე მეტ მიწას ფლობს სახელმწიფოს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“. აღნიშნულ მიწებს მხოლოდ შპს ამუშავებს და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ არის. შპს წარსულში რამდენიმე სხვა სახელმწიფო კომპანიის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა.
„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“კაპიტალი 374 135 939 ლარს შეადგენს. კომპანიის 100%–იანი წილის მფლობელი და ხსენებული კაპიტალის 100%–ის განმათავსებელი სახელმწიფო ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოა“.
შპს–ს საქმიანობის შესახებ, 2019 წლის წესდებაში ვკითხულობთ, რომ მისი საქმიანობის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება მცირე და მსხვილი ფერმერების სასოფლო–სამეურნეო ტექნიკით მომსახურებაა.
სოფელ ვაჩიანში განთავსებულ ბაზაზე არაერთი სახის ტექნიკა დგას, თუმცა მოსახლეობის ნაწილის თქმით, მათ თხოვნის მიუხედავად, ტექნიკით არავინ დახმარებია.
„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ ახალქალაქის სამსახურში გვპასუხობენ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას საკუთარი ტექნიკა ჰყავს, რის გამოც მომართვიანობა ძალიან დაბალია.
ახალქალაქის სოფლებში, აღნიშნულ ტერიტორიებს ყველა ისე იცნობს, როგორც ბიძინა ივანიშვილის მიწებს. სოფელ ვაჩიანის მიდებარედ არსებულ მიწებს წარსულში ნამდვილად ფლობდა შპს „აგრო ქართუ“, რომლის 100%–იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძეა. ეს მიწები დღეისთვის შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ საკუთრებაში ირიცხება.
რატომ არის მიწების პრობლემა ჯავახეთში – ვინ სარგებლობს პრივილეგიით
„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ სამცხე–ჯავახეთში კოორდინატორის, თამუნა უჩიძის განცხადებით, ბოლო წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, სახელმწიფო მიწებს გამარტივებული და მათზე მორგებული პირობებით იღებენ.
„ტენდენცია არის ასეთი, რომ ადამიანები ჩნდებიან კონკრეტულ თანამდებობებზე და შემდეგ უშუალოდ ეს პირები, ან მათი ოჯახის წევრები იღებენ მიწის ნაკვეთებს იმ მუნიციპალიტეტში, სადაც, რეალურად, მიწასთან ხელმისაწვდომობა რთული საკითხია. ჩვენი კვლევიდან, რომელიც 2013–2021 წლებს მოიცავს, გამოჩნდა, რომ ძირითადად, სახელმწიფო ქონებას საკუთრებაში იფორმებდნენ ან თანამდებობაზე მყოფი პირები, ან ის ადამიანები, ვინც „ქართულ ოცნებასთან“ არიან კავშირში. ისინი მიწას ძირითადად ყიდულობენ აუქციონზე უკონკურენტოდ, ან პირდაპირი მიყიდვის წესით“,–ამბობს ის.
თამუნა უჩიძის განმარტებით, ა(ა)იპ „ჯავახეთის სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და განვითარების ასოციაციისთვის“ სახელმწიფო მიწების გადაცემა აჩენს კითხვებს, ამიტომ ამ საკითხით საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესებულიყო.
„მათ შემთხვევაშიც ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ორივე ადამიანი, პარტია „ქართული ოცნების“ წარმოამდგენელია, ორივე არის თანამდებობის პირი, სწორედ ისინი ღებულობენ კონკრეტულ მიწას სახელმწიფოსგან და შემდგომ ამ მიწის ნაწილი ხდება ისევ თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფი პიროვნების საკუთრება. როცა ამ ყველაფერს ერთ მთლიან სურათში ხედავ, ცხადია, ჩნდება კითხვის ნიშნები კორუფციასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ გიორგი ზმოიანს ერთდროულად უკავია ორი თანამდებობა. ერთი ნინოწმინდის ადგილობრივ თვითმმართველობაში, ხოლო მეორე ა(ა)იპ–ში, იგი დირექტორია, რაც არის დარღვევა კორუფციის შესახებ კანონით და ეს ფაქტი მოხვდა ჩვენს კვლევაშიც, როცა ჩვენ თანამდებობის პირების დეკლარაციებს ვსწავლობდით“,–აცხადებს იგი.
არის თუ არა აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაწყებული ჩვენთვის უცნობია, “სამხრეთის კარიბჭე” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან პასუხს ელოდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არსენ კარაპეტიანი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის 12 წლის თავზეც ვერ მოაგვარა მოსახლეობის პრობლემები.
„ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება თუ მიუდგები, მაგრამ აქ არ გვარდება. აწყობთ მიწებში ეს ანარქია, რადგან ბევრი შოულობს ფულს. არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსი აქვს მიწას, უმეტესი ნაწილი ეკუთვნის ან სოფლის რწმუნებულს, ან დეპუტატს. პრობლემა ის კი არ არის, რომ „ქართული ოცნების მხარდამჭერს“ აქვს მიწები, საქმე არის სიმართლეში, ვის რამდენი ეკუთვნის… უნდა შეიქმნას რეესტრი და გადაიხედოს, ვის როგორ აქვს დაკავებული ეს მიწა. კითხვა ესაა, როგორ ეკუთვნის ერთ პირს ვატიკანზე მეტი მიწა და მეორეს ხუთი მეტრი არ აქვს, რომ ოჯახი გამოკვებოს. თუ ადამიანი არ არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ოპოზიციურად განწყობილია, მხოლოდ მიწასთან დაკავშირებით არა, სხვა ბევრ რამეზე აქვს წვდომა შეზღუდული, მათ შორის დასაქმებაზე და შეღავათებზე. ესაა ნეპოტიზმი, რაც ქვეყანას კლავს და გაანადგურა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკა“,–აცხადებს არსენ კარაპეტიანი.
მისივე თქმით, მიწების საკითხი საკრებულოს სხდომებზე არაერთხელ გამხდარა განხილვის თემა.
„ყოფილა ეს საკითხები წამოჭრილი, იყო კამათიც, მაგრამ არის მხოლოდ მშრალი პასუხი, სიჩუმე. მთავრობის პასუხი არის სიჩუმე და სრული იგნორი. ხალხს არ აქვს საშუალება, რომ დაირეგისტრირონ მიწები. ჩვენმა ხელმძღვანელობამ ფიზიკურად არ იცის რომელია ახალქალაქის მიწა და რომელი ნინოწმინდის. მაგრამ, როცა საქმე ეხება თუ როგორ იშოვონ მიწიდან ფული, ზეპირად იციან სად როგორ უნდა დალაგდნენ და ვინ რა ხეირი ნახოს. უნდა წავიდეს ეს მთავრობა და მოვიდეს კომპეტენტური ხალხი ხელმძღვანელობაში, გინდ რაიონში, გინდ სოფელში“,–ამბობს იგი.
„სამხრეთს კარიბჭე“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს, მელქონ მაკარიანს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან საუბარზე უარი თქვა.
ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, ნაირ ირიციანის თქმით, მუნიციპალიტეტში საძოვრების პრობლემა არ დგას: „საძოვრების შემთხვევაში, არანაირი პრობლემა არასდროს გვქონია. არ მოუმართავთ მოქალაქეებს არც ზეპირსიტყვიერად და არც წერილობით”.
სამცხე–ჯავახეთში სახალხო დამცველის წარმომადგენლი, ანდრანიკ ბაღდასარიანი ახალქალაქში მიწების რეგისტრაციის პრობლემაზე საუბრობს:
„მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მოქალაქეების მხრიდან ბევრი კითხვები ჩნდება, რადგან ეს ერთ–ერთი საკითხია, რაც მათ აწუხებთ. ბევრი ადამიანი მოგვმართავს ხოლმე კონსულტაციისთვის, როგორ დაირეგისტრირონ მიწები. „სახალხო დამცველის“ მანდატის ფარგლებში, ვუწევთ დახმარებას. მიწების საკუთრებაში რეგისტრაცია წლებია მიმდინარეობს, იყო რამდენიმე პროექტიც, მაგრამ ბოლომდე არ არის მოგვარებული ეს პრობლემა. სამცხე–ჯავახეთში, განსაკუთრებით ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დგას ეს პრობლემა ენობრივი ბარიერის გამო და მოქალაქეებამდე აღარ მიდის ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებამდე ინფორმაცია მათთვის გასაგები ფორმით მივიდეს. სახელმწიფო დგამს ამ კუთხით ნაბიჯებს, პროცესში დიდი როლს თამაშობს ადგილობრივი მედიასაშუალებებიც. ყველას მხრიდან საჭიროა მეტი მუშაობა“,–აცხადებს ის.
როგორ ანაწილებს სახელმწიფო საძოვრებს
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის პროგრამა“, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრების რაციონალურად გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა, 2021 წელს დამტკიცდა. პროგრამას „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, მიწის იჯარით აღების მსურველ პირს ერთ სულ მსხვილფეხა პირუტყვზე 1–1,5 ჰა მიწის აღება შეუძლია, ერთ წვრილფეხა პირუტყვზე კი 0,2–0,5 ჰა–ს. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრები გაიცემა აუქციონის წესით, 3-წლიანი იჯარით.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გასაცემი საძოვრის შერჩევა შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით ხდება.
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს ახალქალაქში არც ერთი საძოვარი არ გატანილა აუქციონზე. 2022 წლის გაზაფხულზე ახალქალაქში აუქციონის გზით იჯარით გასაცემად ერთი, 107,6 ჰა ფართობის საძოვარი ნაკვეთი იყო ხელმისაწვდომი, თუმცა აუქციონი ვერ შედგა. 2023 წელს გამოცხადებულ აუქციონზეც მხოლოდ ერთი ნაკვეთი იყო გამოტანილი იჯარით გასაცემად. სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით, ახალქალაქში არცერთი საძოვარი არ იყო იჯარით გაცემული. სააგენტოს ამჟამად კვლავ გამოცხადებული აქვს ანალოგიური სახის აუქციონები, რომელიც 2024 წლის 26 იანვარს სრულდება, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, საძოვრების გაცემა ახალქალაქში კვლავ არ იგეგმება.