განათლების მინისტრის გიორგი ამილახვარის თქმით, დღევანდელ სხდომაზე წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც დისტანციური სწავლების რეფორმას ეხება. მინისტრის გადაწყვეტილებით, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ნაწილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლების დისტანციურად წარმართვა. გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის სრულად ელექტრონული პროგრამის შექმნა.
,,რამდენიმე თვეა ვმუშაობთ როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე, ასევე საქართველოში არსებულ გამოცდილებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, როგორც არსებულ პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად, ასევე, ცალკე მიმართულებად შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციური პროგრამის შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა და განხორციელება როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისთვის. […]
კანონპროექტით, მისი მიღების შემდგომ, გაჩნდება სრულიად ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში – ეს არის ონლაინ უნივერსიტეტის ცნება და კონცეფცია, რომლის კონცეფციის სტანდარტების დამუშავება დაევალება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალება, რაც პრაქტიკულად სრულიად ახალ შესაძლებლობას და კარს გააღებს განათლების სექტორისთვის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე”, – განაცხადა მინისტრმა.
2024 წლის პირველ მარტს განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად ეროვნული გამოცდების ჩაბარება სავალდებულო არ იქნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს გრანტის მოპოვების სურვილი ექნება.
ასევე, მინისტრის ბრძანებით, უნივერსიტეტებს შეეძლებათ, ზოგიერთი მიმართულების ბაკალავრი 3-წლიანი გახადონ, ხოლო მაგისტრატურა 1-წლიანი გახადონ. ბრძანება ძალაში უკვე შევიდა.
tv9news.