განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდება. სწავლა ყოველწლიურად 100 სომხურენოვანი და 100 აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად 200-200 სტუდენტს დაუფინანსდება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 450 000 – 450 000 ლარს და დაფინანსების მოცულობა ყოველწლიურად კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოცულობის გაორმაგება“,–ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ აბიტურიენტთათვის სპეციალური საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება და მათ შესაძლებლობას აძლევს, გამარტივებული გზით მოიპოვონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება და კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებამდე გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა.
კერძოდ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს, „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სასურველ უნივერსიტეტში სწავლა მხოლოდ უნარების გამოცდის მშობლიურ ენაზე ჩაბარების საფუძველზე შეუძლიათ.
სტუდენტებს მშობლიურ ენაზე გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უფინანსდებათ სწავლა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდგომ ისინი ასევე სრული დაფინანსებით აგრძელებენ სწავლას იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე.